ახალი ამბები

სენატორები, ორპალატიანი პარლამენტი – 11 დეპუტატის ინიციატივა

6 დეკემბერი, 2019 • 2564
სენატორები, ორპალატიანი პარლამენტი – 11 დეპუტატის ინიციატივა

მაჟორიტარი დეპუტატები სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების მიზნით არანაკლებ 200 000 ხელმოწერის შეგროვებას იწყებენ.

მაჟორიტარებმა პარლამენტს უკვე მიმართეს კონსტიტუციური კანონპროექტის წარდგენის უფლების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის ბიუროს უახლოეს სხდომაზე რეგისტრაციის მიზნით და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტიც წარადგინეს.

საინიციატივო ჯგუფში შედიან: ვიქტორ ჯაფარიძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, გოგა გულორდავა, ცოტნე ზურაბიანი, სავალან მირზოევი, რომან მუჩიაშვილი, გოგი მეშველიანი და მერაბ ქვარაია.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ორპალატიან პარლამენტს ითვალისწინებს: ქვედა პალატა – რესპუბლიკის საბჭო და ზედა პალატა – სენატი.

ორივე პალატა აირჩევა მაჟორიტარული წესით.

პროექტის მიხედვით, რესპუბლიკის საბჭო შედგება 4 წლის ვადით ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული სისტემით არჩეული 77 რესპუბლიკის საბჭოს წევრისგან; სენატი კი შედგება 5 წლის ვადით ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული სისტემით არჩეული სენატის 73 წევრისგან.

რაც შეეხება დეპუტატის ასაკობრივი ცენზს, ქვედა პალატის წევრი შესაძლოა გახდეს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, სენატორი კი – 40 წლიდან.

პროექტის თანახმად, სენატი გეოგრაფიული წარმომადგენლობის ასახვის მიზნით აირჩევა მუნიციპალური საზღვრების გათვალისწინებით ფორმირებულ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. სენატის თითო წევრი წარმოადგენს ერთ ან რამდენიმე მუნიციპალიტეტს, გარდა თბილისისა. თბილისში იქმნება არანაკლებ 5 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევენო ოლქი.

კონსტიტუციური კანონპროექტის განმარტებით ბარათში საუბარია იმ რისკებზე, რომელიც  პროპორციულ საარჩევნო სისტემას მოაქვს და ნათქვამია, რომ “საერთაშორისო გამოცდილებისა და შიდასახელმწიფოებრივი გამოწვევების ფონზე გამოიკვეთა, რომ ეს სისტემა დიდი რისკის შემცველია საქართველოსთვის”.

იმისათვის, რომ ერთი მოწვევის პარლამენტმა კონსტიტუცია შეცვალოს საჭიროა 113 ხმა, რაც ამჟამად არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს პარლამენტში. ცვლილება შესაძლებელია 100 ხმის პირობებშიც, ოღონდ საკითხი ორი მოწვევის პარლამენტმა უნდა განიხილოს. ხუნდაძე აცხადებს, რომ. მისი მიზანი სწორედ 100 ხმის მობილიზებაა.

ცნობისთვის, საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია ასევე ითვალისწინებს ორპალატიან პარლამენტს რესპუბლიკის საბჭოსა და სენატის შემადგენლობით, თუმცა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ.


სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატორი 11-ივე დეპუტატი მიმდინარე წლის ივნისში 2020 წლიდან პროპორციული სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორებს შორის იყო.

დაპირება იმის შესახებ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული საარჩევნო სისტემით და ნულოვანი ბარიერის პირობებში, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გასცა და საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის, მათ შორის, მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოახდინა. კენჭისყრის დროს კი 93 დეპუტატიდან 36-მა პოზიცია შეიცვალა და საკუთარ ინიცირებულ პროექტს მხარი არ დაუჭირა.

საქართველოს კონსტიტუციით, 2024 წლიდან გარანტირებულია სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. თუმცა “ქართული ოცნება” აპირებს, საარჩევნო რეფორმის საკითხზე საერთო-სახალხო გამოკითხვა 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჩაატაროს.

ამ თემაზე:

პროპორციული არჩევნები 2024-შიც სათუოა?

მასალების გადაბეჭდვის წესი