ნეტგაზეთი | აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ეწინააღმდეგება რუსეთის G7-ში დაბრუნებას უკრაინაზე აგრესიის გამო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ეწინააღმდეგება რუსეთის G7-ში დაბრუნებას უკრაინაზე აგრესიის გამო – Netgazeti
RU | GE  

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ეწინააღმდეგება რუსეთის G7-ში დაბრუნებას უკრაინაზე აგრესიის გამო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც დაგმო რუსეთის დაბრუნება G-7-ის ფორმატში. რეზოლუციას მხარი 339-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგ 71 იყო. ინფორმაციას ამის შესახებ The Hill ავრცელებს.

რეზოლუციის მიღების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც აგვისტოში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის G-7-ში დაბრუნებას ემხრობოდა. რუსეთი ამ ფორმატიდან 2014 წელს, უკრაინაში აგრესიისა და ყირიმის ანქესიის შემდეგ გამოაძევეს.

რეზოლუციაში პალატამ კიდევ ერთხელ აღუთქვა მხარდაჭერა უკრაინას და ამავე დროს დაგმო რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია და რეგიონში მოსკოვის მიერ გამოწვეული დესტაბილიზაცია.

რეზოლუცია აგრეთვე გმობს „კრემლის შეტევას დემოკრატიულ საზოგადოებებზე მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ-სა და შვიდეულის სხვა ქვეყნებზე“ და მოუწოდებს შვიდეულის ქვეყნებს, შეეწინააღმდეგონ რუსეთის დაბრუნებას ფორმატში სანამ მოსკოვი არ დაასრულებს „უკრაინის სუვერენული ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის“ ოკუპაციასა და მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიებზე თავდასხმას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნიკა ბურდული – ნეტგაზეთის რეპორტიორი 2019 წლის დეკემბრიდან. E-mail: realnikaburduli@gmail.com