ახალი ამბები

ირინა მილორავა საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟას უხელმძღვანელებს

5 დეკემბერი, 2019 • 1881
ირინა მილორავა საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟას უხელმძღვანელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ირინა მილორავა საქართველოში ენერგეტიკულ ბირჟას უხელმძღვანელებს. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს.

ენერგეტიკული ბირჟა 3 დეკემბერს დაფუძნდა და მისი ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება, დღით ადრე და შემდგომში დღიური ორგანიზებული ბაზრების ფორმირებისა და ბაზრის ოპერატორად ჩამოყალიბებისათვის საჭირო ღონისძიებების მომზადება, ორგანიზება და კოორდინაცია.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებითა და კოორდინაციით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ 50/50%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობითვე, ელექტროენერგიის ბაზარი 2021 წლიდან ამოქმედდება და დღით ადრე, საათობრივი ბაზრისა და საბალანსო მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი