ახალი ამბები

საფრანგეთში საპენსიო რეფორმას მასშტაბური გაფიცვებით აპროტესტებენ

5 დეკემბერი, 2019 • 1128
საფრანგეთში საპენსიო რეფორმას მასშტაბური გაფიცვებით აპროტესტებენ

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტები დაიწყო, რომელშიც ავიადისპეჩერები, მასწავლებლები და სხვა საჯარო მოხელეები მონაწილეობენ. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

საფრანგეთის სარკინიგზო ტრანსპორტს, გამოცემის ცნობით, თითქმის სრული პარალიზება ელის – გაფიცულია მემანქანეთა 82%, რის გამოც რეგიონალური მატარებლების რეისების 90% გაუქმდა. პარიზის მეტროპოლიტენის 16 ხაზიდან 11 მთლიანად შეწყვეტს მუშაობა, გარდა ამისა, პარიზი-ლონდონის ევროსტარის რეისის მატარებლების დაახლოებით ნახევარიც გაუქმებულია.

მუშაობას აგრეთვე შეწყვეტს ბევრი სკოლა, ხოლო პოლიციელთა ზოგიერთმა პროფკავშირმა განაცხადა, რომ პოლიციის ზოგიერთი განყოფილება „სიმბოლურად“ დაიხურებოდა. პარიზის მაღაზიების მეპატრონეები გააფრთხილეს დახურონ მაღაზიები, რათა თავიდან აიცილონ შესაძლო ძალადობის მიერ მოტანილი ზარალი.

მოქმედი პრეზიდენტის, ემანეულ მაკრონის ერთ-ერთი უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირება საპენსიო რეფორმა იყო. ფრანგი ამომრჩევლების გამოკითხვის მიხედვით, მათი უმრავლესობა – 76% ემხრობა საპენსიო რეფორმის გატარებას, ოღონდ 64% ამ საქმეში მთავრობას არ ენდობა. პრეზიდენტ მაკრონის რეიტინგი ამჟამად 30%-ია – წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ოდნავ მაღალი.

საფრანგეთში საპენსიო ასაკი ამჟამად 62 წლიდანაა. მაკრონის საპენსიო რეფორმა საპენსიო სისტემების გაერთინებას ითვალისწინებს. მისი გეგმის თანახმად, ყოველი ნამუშევარი დღისთვის მოქალაქეები მიიღებენ ქულებს, რომლებიც მოგვიანებით მათ პენსიას განსაზღვრავს. გარდა ამისა, მაკრონის გეგმით, ზოგიერთი სამუშაო, რომელიც მომავალი კარგი საპენსიო უზრუნველყოფით იყო მიმზიდველი, დაკარგავს თავის მიმზიდველობას ამ საკითხში, ხოლო ისინი, ვინც პენსიაზე 64 წლამდე გავლენ, 5%-ით ნაკლებ პენსიას მიიღებენ, ვიდრე, მაგალითად, 67 წლის ასაკში გასულები.

მთავარ ფოტოზე: გაფიცვის გამო დაკეტილი მეტროსადგური პარიზში. 5 დეკემბერი, 2019. EPA-EFE/JULIEN DE ROSA

მასალების გადაბეჭდვის წესი