ახალი ამბები

“ასეთი განცხადებები შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს” – ოხანაშვილი გვარამიაზე

4 დეკემბერი, 2019 • 1223
“ასეთი განცხადებები შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს” – ოხანაშვილი გვარამიაზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას ფეისბუკ-პოსტი შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

„ასეთი განცხადებები შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, რაზეც, რა თქმა უნდა, შესაძლებელია განხორციელდეს სამართლებრივი რეაგირება“ ,– აღნიშნა დპუტატმა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ფეისბუქ-პოსტის შესახებ.

ნიკა გვარამიამ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც დაწერა: „უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დავამხოთ!“.

„ამ ადამიანის მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ სხვა არაფერია თუ არა მათი რეალური ზრახვის გამოვლინება და ერთადერთი მიზანი ნაციონალური მოძრაობის – ხელისუფლების დამხობა, რევოლუციური სცენარი, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობა. ეს არის ერთადერთი მათი რეალური მიზანი, რაც მათ ამოძრავებთ და რისი სურვილიც მათ გააჩნიათ. და იქნება ეს საარჩევნო სისტემა, იქნება ეს გავრილოვის შემთხვევა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საბაბი მათი მხრიდან გამოყენებული, რომ მოახდინონ პროტესტის თითქოს იმიტაცია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას 

ამასთან ერთად, ოხანაშვილის განცხადებით, იგი აცნობიერებს, რომ მისი შეფასება „აღქმული იქნება როგორც პოლიტიკური შეფასება“ და ამიტომ „თავს იკავებს შეფასებისგან“ – „მე პოლიტიკურად, რაც არ უნდა სამართლებრივად გამართულად მე თქვენ ჩამოგიყალიბოთ და დაგისაბუთოთ, რომ შესაძლოა აქ არსებობდეს დანაშაულის ნიშნები, ან არ არსებობდეს, ჩემი ეს შეფასება, პირველ რიგში, აღქმული იქნება როგორც პოლიტიკური შეფასება და პოლიტიკური განაცხადი. ამიტომ მე, რა თქმა უნდა, ამას ვაცნობიერებ, ამიტომ ამ შეფასებისგან თავს ვიკავებ. თუმცა, თუკი რომელიმე ორგანო დარწმუნდება, რომ საჭიროა სამართლებრივი რეაგირება, მათ კანონი დაავალდებულებს ამას“.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი