ახალი ამბები

ირაკლი კორძაია: სიჩუმის სანაცვლოდ ხარძიანის გვამის გაყიდვას მთავაზობდნენ

25 მაისი, 2015 •
ირაკლი კორძაია: სიჩუმის სანაცვლოდ ხარძიანის გვამის გაყიდვას მთავაზობდნენ

კორძაიამ ბერლინიდან ჩართვისას ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც მან საქართველო დატოვა. ჟურნალისტის განცხადებით, ეს უკავშირდება იმ მოვლენებს, რასაც ბოლო 2 თვის განმავლობაში, ბესო ხარძიანის მკვლელობის შემდეგ ქონდა ადგილი. კორძაია ამბობს, რომ პროკურატურა აკეთებს ყველაფერს, რომ საზოგადოებამ ეს თემა მიივიწყოს. 

 

ირაკლი კორძაია საქართველოდან 18 მაისს წავიდა. წასვლის მიზეზად მან სხვადასხვა სახის ზეწოლა დაასახელა. ჟურნალისტმა ჩართვისას კონკრეტულ ეპიზოდზეც ისაუბრა:

 

“მეორე დღე იყო ბესოს მკვლელობიდან, როდესაც მე დამირეკა ერთმა მაღალჩინოსანმა და მთხოვა შეხვედრა. ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა ის და კიდევ ერთი დეპუტატი, ეს შეხვედრა ხდებოდა ბელინსკის ქუჩაზე, კაფე რუმსში, საკმაოდ ბევრმა თბილისელმა იცის ეს ადგილი. გვამის გაყიდვას მთავაზობდნენ სიჩუმის სანაცვლოდ. საუბარი იყო ალბათ ფულად ჯილდოზე. ეს იყო პირველი ეპიზოდი და განსაკუთრებით მტკივნეული იყო ჩემთვის იმიტომ, რომ ერთ-ერთ ადამიანთან მაკავშირებდა პირადი ახლობლობა,”- ამბობს ის.


კორძაიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ იტყვის  ამ ადამიანის სახელს და გვარს, თუმცა, თუ საჭირო გახდება, “ამ დეტალებსაც გაამხელს”.


ირაკლი კორძაიას თქმით, ეს შეთავაზება მოდიოდა გიორგი უდესიანისგან და იმ ადამიანებისგან, რომლებიც მას მფარველობდნენ, კერძოდ, პრემიერ-მინისტრისა და მისი ნათესავისგან. 



ხარძიანს თბილისში საკუთარ სადარბაზოში 28 მარტს ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

 

ხარძიანის ოჯახის ახლობელთა ნაწილი, მათ შორის კორძაია, აცხადებდნენ, რომ მკვლელობის კვალი შესაძლოა გია უდესიანთან მიდიოდეს, რომელთანაც ხარძიანს დავა ქონდა. მკვლელობის დღეს, 28 მარტს “იმედის” ეთერით ირაკლი კორძაიამ განაცხადა, რომ უდესიანის გარდა ამ საქმეში ლაშა ნაცვლიშვილისა და ჯანყარაშვილის გვარები ფიგურირებს. ზვიად ჯანყარაშვილი საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილია. იგი სხვადასხვა დროს გენინსპექციის უფროსისა და “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას იკავებდა.


 

ირაკლი კორძაია/ფოტო მისი ფეისბუკ-გვერდიდან
ირაკლი კორძაია/ფოტო მისი ფეისბუკ-გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი