ახალი ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის

4 დეკემბერი, 2019 • 1710
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ევროპელი აქციონერების გადაწყვეტილებით, სადაზღვევო ბიზნესსა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე მოახდენენ ფოკუსირებას. კომპანიის შვილობილი „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი კი შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა“ შეიძინა.

„ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა“ „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შეიძინა, გარიგება 2019 წლის 22 ნოემბერს გაფორმდა. ჯიპიაიში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ ერთგვარი განაცხადია – ევროპელი აქციონერები წლებია მოუწოდებენ ქართულ მენეჯმენტს, განვითარება სადაზღვევო საქმიანობისა და მასთან დაკავშირებული მიმართულებებით განაგრძოს.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე ორ მიზეზს ასახელებს, რაც გადაწყვეტილების მიღებას უძღოდა წინ. ლომაძის თქმით, პირველი მიზეზი სწორედ ძირითად საქმიანობაზე, სადაზღვეო საქმეზე კონცენტრირებაა. მეორე მიზეზად კი, კომპანიის განცხადებით, ჰოლდინგის დირექტორმა საქართველოში დაასახელა ჰოსპიტალურ ექტორში მიმდინარე მოვლენები და არაპროგნოზირებადი გარემო, რასაც მისი თქმით, ხშირად ქმნის ნაჩქარევი და დაუფიქრებელი ინიციატივები:

„ჩვენი მოტივაცია, ეს ბიზნესი ახალი ინვესტორისთვის გადაგვებარებინა, იმდენად დიდი იყო, რომ დავთანხმდით გარიგების თანხას, რომელიც ჩადებულ ინვესტიციას ვერ იღებს. დასაწყისიდანვე ჩვენ არ ვუყურებდით ამ მიმართულების განვითარებას, როგორც მხოლოდ მოგების გენერირების საშუალებას, უფრო მეტიც – ჰოსპიტალური კლინიკების მშენებლობა მაშინდელი ბაზრის კონიუნქტურის მოთხოვნა იყო, რასაც ჩვენ დავყევით, რომ შეგვენარჩუნებინა ლიდერის პოზიცია და ინვესტიციაც ამ მიზნით განვახორციელეთ“, – ამბობს ლომაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი