ახალი ამბები

მილან კუნდერას 40 წლის შემდეგ ჩეხეთის მოქალაქეობა დაუბრუნეს

4 დეკემბერი, 2019 • 1475
მილან კუნდერას 40 წლის შემდეგ ჩეხეთის მოქალაქეობა დაუბრუნეს

წიგნის “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე” ავტორს, წარმოშობით ჩეხ მწერალს, მილან კუნდერას, ჩეხეთის მოქალაქეობა 40 წლის შემდეგ დაუბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

The Guardian-ის ცნობით, საფრანგეთში ჩეხეთის ელჩის, პეტრ დრულაკის ინფორმაციით, ის თავად ესტუმრა 90 წლის მწერალს და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი თავად გადასცა. როგორც მედიასაშუალება წერს, მწერლისთვის მოქალაქეობის დაბრუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური ჟესტი.

“ის [კუნდერა] კარგ ხასიათზე იყო, უბრალოდ, აიღო დოკუმენტი და მადლობა მითხრა”, – ასე აღწერა ჩეხეთის ელჩმა მწერალთან შეხვედრა.

საბჭოთა კავშირის არსებობის დროს მილან კუნდერა გამოირჩეოდა “ანტიკომუნისტური აქტივობებით”, რის გამოც მას 1975 წელს ქვეყნიდან წასვლა და საფრანგეთში დასახლება მოუწია. 1979 წელს ჩეხეთის მთავრობამ კუნდერას მოქალაქეობა გაუუქმა, ორი წლის შემდეგ კი საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი