ირლანდია არის პირველი ქვეყანა, სადაც გეი ქორწინება რეფერენდუმის გზით დაკანონდა. სავარაუდოდ, პირველი გეი ქორწინება შემოდგომის დასაწყისში გაიმართება.
რეფერენდუმი 22 მაისს ჩატარდა, ოფიციალური წინასწარი შედეგები კი დღეს საღამოს გახდა ცნობილი. BBC–ის ინფორმაციით, გეი ქორწინებას მხარი 1,201,607–მა ადამიანმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 734,300–მა მისცა.
BBC-ის ცნობით, ირლანდიის პრემიერ–მინისტრმა ენდა კენიმ განაცხადა, რომ ეს არის “პატარა ქვეყნის დიდი გზავნილი თანასწორობისათვის” მთელ მსოფლიოში.
რეფერენდუმის კითხვა შემდეგნაირად იყო ფორმულირებული – ეთანხმებით თუ არა, რომ ქორწინება შეიძლება გაფორმდეს ორ პირს შორის განურჩევლად მათი სქესისა, ამომრჩევლებმა კი, დიახ ან არა უნდა უპასუხონ. ეს პირველი რეფერენდუმია ირლანდიაში, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა. ირლანდიაში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზება 22 წლის წინ მოხდა, 2010 წელს კი ქვეყანამ სამოქალაქო პარტნიორობის უფლება დააწესა გეი წყვილებისთვის, თუმცა თავის შინაარსით ურთიერთობის ეს ფორმა განსხვავდება ქორწინებისაგან.
მომზადებულია ევროპის პრესფოტოსააგანტოს (EPA) ფოტოებით