ახალი ამბები

ლომჯარია: ვაპირებთ „გერმანული მოდელის“ ეუთოში გაგზავნას

3 დეკემბერი, 2019 • 773
ლომჯარია: ვაპირებთ „გერმანული მოდელის“ ეუთოში გაგზავნას

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ აპირებს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (ODIHR-ს) გაუგზავნოს ოპოზიციის შემუშავებული კანონპროექტი არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩასატარებლად. თუმცა, მისი თქმით, ამის ფორმალური წინაპირობაა, კანონპროექტი პარლამენტში ოფიციალურად იყოს დარეგისტრირებული.

ნინო ლომჯარიამ 3 დეკემბრის დილას ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ საკითხზე აქტიური კონსულტაციები აქვს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან, პირადად შეხვდა ეუთო/ODIHR-ის პრეზიდენტს და ესაუბრა შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებს, რის შემდეგაც აცხადებს:

„ისინი ინფორმირებული არიან, რომ სახალხო დამცველი აპირებს აღნიშნული კანონპროექტის გაგზავნას, თუმცა ამას აქვს გარკვეული პროცედურული წინაპირობები“.

„უპირველეს ყოვლისა ეუთო/ODIHR ითხოვს, რომ კანონპროექტი უნდა იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული პარლამენტში. შემდეგ უკვე სახალხო დამცველი, მე, მივმართავ ეუთო/ODIHR-ს მოსაზრების წარმოსადგენად იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდება და რომელიც იქნება დარეგისტრირებული პარლამენტში“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ოპოზიციური პარტიები სახალხო დამცველს მიმართავენ თხოვნით, გაუგზავნოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (ODIHR-ს) განსახილველად კანონპროექტი არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარების შესახებ, რათა ეუთომ მისი საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა შეამოწმოს.

„ჩვენ ვნახეთ დღეს სახალხო დამცველის განცხადება, რომ კანონი უნდა იყოს რეგისტრირებული პარლამენტში, რომ გაიგზავნოს და ეს არის ეუთო/ODIHR-ის მოთხოვნა. ჩვენ მზად ვართ, ეს მოთხოვნა შევასრულოთ“, – განაცხადა სახალხო დამცველის გამოხმაურების შემდეგ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად.

მასალების გადაბეჭდვის წესი