ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს ბანკის მომხმარებლები მეტროში სახის იდენტიფიკაციის მეშვეობით გადაიხდიან

3 დეკემბერი, 2019 • 2432
საქართველოს ბანკის მომხმარებლები მეტროში სახის იდენტიფიკაციის მეშვეობით გადაიხდიან

თუ საქართველოს ბანკის ბარათით სარგებლობთ თბილისში, ავლაბრის მეტროში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე სახის იდენტიფიკაციის სისტემით დახმარებით შეძლებთ. ბანკის ეს ინოვაციური სერვისი ხელმისაწვდომი თბილისის მეტროს სხვა სადგურებზეც მალე გახდება.

რა არის “ღიმილით გადახდა” და როგორ მუშაობს ის?

უკონტაქტო გადახდის ამ სისტების, კერძოდ კი სახის კამერის იდენტიფიკაციის გამოყენების დროს, კამერა ამოიცნობს თქვენს სახეს და სისტემა თანხას ავტომატურად ჩამოგაჭრით თქვენივე საბანკო ბარათიდან ფიზიკური ბარათის გამოყენების გარეშე.

ანგარიშსწორებისთვის საჭიროა ფლობდეთ საქართველოს ბანკის Visa-ს, Mastercard-ის ან American Express-ის ბარათს; გადაიღოთ “სელფი” მობილბანკში და დაუკავშიროთ სასურველ ბარათს. მას შემდეგ რაც ფოტო ბაზაში აისახება, თქვენ სერვისით სარგებლობას დაუბრკოლებლად შეძლებთ. “ღიმილით გადახდისთვის” წამებიც კი საკმარისია. საქართველოს ბანკში ამბობენ, რომ გადახდის ახალი სისტემა სრულიად დაცულია, რადგან უსაფრთხოების ყველა ასპექტი ვერიფიცირებული და სერტიფიცირებულია 3D კამერებისა და უსაფრთხოების სხვა პარამეტრების გათვალისწინებით.

ამას გარდა სულ მალე საქართველოს ბანკის მეშვეობით „ღიმილით განაღდებაც” შეგეძლებათ. ბანკომატიდან თანხის განაღდების შემთხვევაშიც საჭირო აღარ არის ბარათის გამოყენება. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ბანკომატის კამერასთან იდენტიფიკაციის გავლა, რის შემდეგაც აკრეფთ პინკოდს და გაანაღდებთ სასურველი ოდენობის თანხას.

უსაფრთხოება და ბიომეტრიული მონაცემების დაცვა

პროდუქტის დანერგვამდე უდიდესი ყურადღება მიექცა უსაფრთხოებასა და პერსონალური მონაცემების დაცვას.

სისტემაში მომხმარებლების ბიომეტრიული მონაცემები ინახება დაშიფრული სახით. სურათის გადაღების შემდეგ ხდება ამ სურათის გადაყვანა ციფრულ ფორმატში და თავად სურათი იშლება. შეუძლებელია ციფრული სახიდან უკან რეალური სურათის მიღება.

შესაბამისად, თუ კლიენტი მომსახურების შეწყვეტას მოისურვებს, მის შესახებ ინფორმაცია სისტემაში მომენტალურად წაიშლება:

“ბიომეტრიული მონაცემები არ ინახება ღია სახით. თუ მომხმარებელი გადაწყვეტს მომსახურების შეჩერებას, წაიშლება ციფრული სახით შენახული მონაცემებიც,” – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

საქართველოს ბანკი ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც ამ ინოვაციური პროდუქტის დანერგვა გადაწყვიტა ცენტრალური ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში. გადახდის ახალი სისტემა ჯერჯერობით არათუ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბითაც კი არ არის ხელმისაწვდომი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი