ახალი ამბები

“ოცნების“ ოფისთან აქციის დროს 5 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

2 დეკემბერი, 2019 • 994
“ოცნების“ ოფისთან აქციის დროს 5 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

“ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციისა და თანმდევი დაპირისპირების დროს 5 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს სასწრაფოში დაუდასტურეს.

განახლება: მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში“ ამბობს, რომ ყველა დაშავებული მათი აქტივისტი/მხარდამჭერი იყო.

უწყების თქმით, დაშავებულთაგან 2 ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო 3 – ნიუ ჰოსპიტალსში. არცერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე.

“ექიმების თქმით, მათ აღენიშნებათ გარეგანი ზედაპირული დაზიანებები და ჯერჯერობით არ იკვეთება რაიმე სახის გართულებები. ამჟამად სამედიცინო პერსონალის მიერ მიმდინარეობს შესაბამისი კვლევები“ ,- ნათქვამია უწყების კომენტარში.

საპროტესტო აქცია “ქართული ოცნების“ ოფისთან დაახლოებით 19:00 საათზე დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა. აქციას პერიოდულად მოჰყვებოდა ხოლმე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.

“ქართული ოცნების” მხარდამჭერები პარტიის ცენტრალურ ოფისთან მისულ ოპოზიციონერებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირსიპირდნენ.

“ქართული ოცნების” ოფისთან შეკრებილი ახალგაზრდები ჟურნალისტებთან ამბობდნენ, რომ ისინი მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ და პარტიის ოფისთან იმიტომ შეიკრიბნენ, რომ მოგვიანებით გადაენაცვლათ ორბელიანის მოედნისკენ. ამ მოედანზე “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან სტუდენტური თვითმმართველობების დახმარებით ახალგაზრდები შეკრიბა.

მასალების გადაბეჭდვის წესი