“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სტუდენტები ახალციხიდანაც წამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ახალციხიდან სტუდენტები რამდენიმე ავტობუსით წამოიყვანეს.
„ევროსაბჭოს დღეების გახსნაზე მივდივართ თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე. საქართველო არის ევროსაბჭოს მასპინძელი ქვეყანა და კვირეულის გახსნაზე ჩვენი სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას. დაახლოებით 80 სტუდენტი ვართ“, – უთხრა გამოცემას სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ მირზა ბურძენიძემ.
გამოცემის ცნობით, თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე წასვლის შესახებ სტუდენტები გააფრთხილა უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა. ინფორმაცია დახურულ ჯგუფში გავრცელდა:
„გიწვევთ თბილისში ევროპის კვირეულის გახსნასთან დაკავშირებულ კონცერტზე. ტრანსპორტირებასა და კვებას უზრუნველყოფენ თავად“, – წერია პოსტში.
10 ათასი სტუდენტის შეკრებას თბილისში დღეს, 2 დეკემბერს, „ქართული ოცნება“ აპირებს. პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ სტუდენტები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან შეკრიბა. სტუდენტები ბათუმიდანაც წავიდნენ. იმ ღონისძიების ორგანიზატორი, რომელსაც სტუდენტები უნდა დაესწრონ, „ქართული ოცნებაა“ , – ეს ინფორმაცია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში დაგვიდასტურეს.
„ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს არჩევასთან დაკავშირებით პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ ახალგაზრდული ორგანიზაცია იწყებს ახალგაზრდულ კვირეულს, სახელწოდებით – „საქართველო – ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა“.
ახალგაზრდული კვირეული დღეს, 20.00 საათზე, განახლებულ ორბელიანის მოედანზე კონცერტით გაიხსნება… სწორედ ამ კვირეულზე დასასწრებად მიემგზავრებიან აჭარის ორგანიზაციის ახალგაზრდები და სტუდენტები.
კვირეულის ფარგლებში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. გაიმართება საინფორმაციო კამპანიები თემაზე: „რატომ ევროპა?’’, აქცია-პერფორმანსები, ქუჩის მხატვრობის ფესტივალი და სხვა.
„ახალგაზრდული კვირეული 7 დეკემბერს თბილისში საზეიმოდ დაიხურება“, – მოგვწერეს „ქართული ოცნებიდან“. პარტიის პრესცენტრში ამ დრომდე არ გვიპასუხეს: რამდენს დახარჯავს „ქართული ოცნება“ 10 ათასი სტუდენტის შესაკრებად.
ამავე თემაზე
რისთვის მიჰყავს „10 ათასი სტუდენტი“ „ოცნებას“ რეგიონებიდან თბილისში