“კონტროლის პალატას მივმართავთ, რომ ბუბა კუდავას წინა წლების საქმიანობით დაინტერესდეს და არ არის გამორიცხული, პროკურატურაც ჩაერთოს ამ საქმეში” – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.

 

სანიკიძის განცხადებით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში აუდიტის სამსახურია შესული და თუ როგორი მენეჯერი იყო ბუბა კუდავა, ამას აუდიტის შედეგები აჩვენებს:

 

“როგორი მენეჯერი იყო ბუბა კუდავა, ამას გვაჩვენებს აუდიტის სამსახური. მასში არის დარღვევებზე საუბარი. იქ ვერ დავადგინეთ წესი, რის მიხედვით ნაწილდებოდა ხელფასები. მივლინებაზე, ბიუჯეტირებაზე, შესყიდვების კანონის სისტემურ დარღვევებზეა საუბარი. ეს არის სამუშაო და გამოსასწორებელი. იმ არგუმენტებიდან, რაც იყო წარმოდგენელი, გაბათილებულია მხოლოდ ერთი პუნქტი. დანარჩენი პრეტენზიები დარჩა. არ არის გამორცხული, ამაში პროკურატურა ჩაერთოს. კონტროლის პალატასაც მივმართავთ, რომ შეისწავლოს წინა წლების საქმიანობა”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

 

რაც შეეხება ხელნაწერთა თანამშრომლების პროტესტს ბუბა კუდავას თანამდებობიდან გადაყენების გამო, სანიკიძე ფიქრობს, რომ პროტესტი პოლიტიკურად არის მოტივირებული:


“ამ ადამიანებს ჰქონდათ არასწორი ინფორმაცია. ერთი, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე მოხსნეს, მეორე იყო ლაილაშის ბიბლია და შენობა, რომ მას ჰყავს დაინტერესებული მხარე – ბიზნესი, რომლის უკანაც დგას “არემჯი” და იმის უკან არის ბიძინა ივანიშვილი, ესენი არის ტყუილი. აღარ არის დირექტორი იმიტომ, რომ ამოეწურა ყველანაირი ვადა, რაც ჰქონდა. ჩვენ გადავნიშნეთ მოვალეობის შემსრულებლად, რადგან ის გათანაბრებულია საჯარო მოხელესთან, ეკუთვნის კონკურსის წესით დანიშვნა”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.


რაც შეეხება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მოთხოვნას კანონის შეცვლასთან დაკავშირებით, მინისტრს მიაჩნია, რომ მათი მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილებულია. ხოლო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ცენტრის თანამშრომლები დირექტორად ბუბა კუდავას ითხოვენ, არ დაკმაყოფილდება, რადგან სანიკიძე ამბობს, რომ  კუდავა ამ თანამდებობისთვის შეუფერებელია.


ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში თანამშრომლებმა და მათმა მხარდამჭერებმა პირველი საპროტესტო აქცია მიმდინარე წლის 4 მაისს გამართეს. ისინი ამბობენ, რომ ცენტრზე მთავრობის მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიმართ განათლების სამისნიტროს აქვს ხისტი პოზიცია, რადგან უწყება ცენტრის დირექტორს თანაშრომლების გვერდის ავლით ნიშნავს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *