ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები განათლების სამინისტროს მიერ შენილი კომისიის შედეგებს სრულ უნდობლობას უცხადებენ. ისინი მოითხოვენ, რომ გაუქმდეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები და დირექტორის არჩევის უფლება დაუბრუნდეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის სამეცნიერო საბჭოს.
“ათწლეულების განმავლობაში ხელნაწერთა ინსტიტუტი, ხოლო 2007 წლიდან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭო თავად ირჩევდა დაწესებულების დირექტორს. 2011 წლიდან სამეცნიერო დაწესებულებებს დირექტორის არჩევის უფლება ჩამოერთვა. მოვითხოვთ, გაუქმდეს ამ საკითხთან დაკავშირებით კანონში შეტანილი უსამართლო ჩანაწერი და დაუბრუნდეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა მიერ არჩეულ სამეცნიერო საბჭოს უფლება, თავად აირჩიოს ის ხელმძღვანელი, რომელიც პროფესიულად ხედავს ცენტრის განვითარების პერსპექტივას,” – ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცენტრის თანამშრომლები აცხადებენ, რომ კომისიის უმეტესობას წარმოადგენდა სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებული უწყების წარმომადგენლები, ხოლო კანდიდატ ბუბა კუდავას სააპლიკაციო საბუთებს – ქართველ და უცხოელ მეცნიერთა მრავალრიცხოვან სარეკომენდაციო წერილებს – კომისიის წევრები არ გაცნობიან.
მათი თქმით, ამის ფონზე ბუნდოვანი და გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმებისა და რომელი კონცეფციის საფუძველზე მოხდა დირექტორის კანდიდატის შერჩევა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ კონკურსის მიმდინარეობისას არ იყო გათვალისწინებული ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა პოზიცია დირექტორის კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებით, ხოლო კომისიაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პოზიციის გამომხატველი იყო მხოლოდ ერთი პიროვნება, რაც საკმარისი არ იქნებოდა ცენტრის ინტერესების დასაცავად.
ისინი მოთხოვენ, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მაკონტროლებელი უწყება შეიცვალოს:
“ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობა ვერ აცნობიერებს იმ ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას, რომელიც მას ეკისრება, როგორც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მაკონტროლებელ უწყებას. მოვითხოვთ, გადაეცეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მაკონტროლებელი ფუნქცია საქართველოს პარლამენტს.”
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ამბობენ, რომ 19 მაისს მათსა და განათლების მინისტრს შორის უშედეგო შეხვედრა შედგა. მათი თქმით, მიუხედავად დიდი მოლოდინისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ აპირებს დამოკიდებულებისა და გადაწყვეტილების შეცვლას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიმართ.
ცენტრის თანამშრომლები ახლად არჩეულ დირექტორს შენობაში არ უშვებენ. მათი თქმით, სანამ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მოთხოვნები არ შესრულდება სამინისტროს მხრიდან, საპროტეატო აქციები გაგრძელდება.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და განათლების სამინისტროს შორის დავა 2015 წლის 16 თებერვალს დაიწყო. მსგავსი მოთხოვნებით პირველი საპროტესტო აქცია 4 მაისს გაიმართა ხელნაწერთა ცენტრის ეზოში.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების კიდევ ერთი მოთხოვნა არის ავტონომიურობის დაცვა და კონსტრუციულობა სახელმწიფოს მხრიდან. ამ მოთხოვნების ადრესატი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძეა.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში თანამშრომლებმა და მათმა მხარდამჭერებმა პირველი საპროტესტო აქცია მიმდინარე წლის 4 მაისს გამართეს. ისინი ამბობენ, რომ ცენტრზე მთავრობის მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიმართ განათლების სამისნიტროს აქვს ხისტი პოზიცია, რადგან უწყება ცენტრის დირექტორს თანაშრომლების გვერდის ავლით ნიშნავს.
