ახალი ამბები

ზურაბ ადეიშვილს “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეზე 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

2 დეკემბერი, 2019 • 1510
ზურაბ ადეიშვილს “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეზე 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს, რომელიც “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეში იყო ბრალდებული, სასამართლომ  ყველა ეპიზოდში დამნაშავედ ცნო და საერთო ჯამში, ძირითად სასჯელად 5 წლისა და 3 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა.

ამავე საქმეზე ენმ-ის ლიდერ  ნიკა მელიას 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმა  და სამი წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება მიუსაჯა სასამართლომ. ეს სასჯელი  ამნისტიით  2 წელსა  და სამი თვემდე დავიდა. მელია მისთვის წარდგენილ ერთ მუხლში გამართლდა, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებდა.

სასამართლომ ამ საქმეზე დაწყებული გამოძიებიდან მე-7 წელს გამოიტანა გადაწყვეტილება. გამოძიება კი 2012 წლის დეკემბერში დაიწყო – მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა.

“ქართუს” საქმე

2012 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე პრესამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ შსს–მ  გამოიძია და გაშიფრა ორგანიზებულ- დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც სახელმწიფო, პოლიტიკური თანამდებობის პირები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გიორგობიანის განცხადებით, გეგმა მიზნად ისახავდა ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით ბანკი “ქართუს” გაკოტრებას.

“დანაშაულებრივი სქემა რამდენიმე ეტაპისგან შედეგბოდა, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა საჯაროდ გააკეთა განცხადება პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შესახებ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა პირველ ეტაპზე შეიმუშავეს და პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფო უფლება ექნებოდა, აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული”,– განაცხადა გიორგობიანმა

მისივე თქმით, იმ მიზნით, რომ ქართუს ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდათ,  აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით აუქციონის ჩაშლა ხდებდა. რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას ეკონომიკის სამინისტროს გადასცემდა,  ეკონომიკის სამინისტრო კი პრეზიდენტის განკარგულებით ქონებებს ასხვისებდა პირდაპირი მიყიდვის წესით.

“დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ბიზნესმენებს, რომელთაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ ბანკ ქართუში,  უნდა ეღიარებინათ არარსებული საგადასახადო დავალიანება. ამის შემდეგ იმ ქონებას, რომელიც ბანკის მიერ იპოთეკით იყო დატვირთული, გაიტანდნენ აუქციონზე, სადაც მყიდველი არ დაფიქსირდებოდა, შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტრო პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასებში გაყიდდა იმ კომპანიებზე, რომლებსაც სიანმდვილეში ამავე ქონების ყოფილი  მეპატრონეები აკონტროლებდნენ”

შსს აცხადებს, რომ  ამ გზით ხელისუფლებასთან დაახლოვებულ ბიზნესმენებს ქონებაც არ ეკარგებოდათ და დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობით უუქმდებოდათ ბანკი ქართუს საკრედიტო დავალიანება, რომლის უზურნველყოფასაც იპოთეკით დატვირთული ქონება წარმოადგენდა.

“შესაბამისად, დაზარალებული რჩებოდა ბანკი ქართუ, რომელსაც იმ დროისათვის მეწარმე სუბიექტებისათვის მიცემული ჰქონდა 59  997 000 დოლარისა და 3 757 000 ლარის კრედიტები”.

მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ტვ პირველთან ამბობს, რომ ამ საქმეში 25 პირის მიმართ შეწყდა გამოძიება:

“დღეს დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ 09:30 საათზე სასამართლო გამოაცხადებს განაჩენს 7 წლის წინანდელ საქმეზე, სადაც 25 ადამიანს აქვს შეწყვეტილი საქმე… ამ საქმეს 7 წლის მანძილზე იხილავდნენ, უძრავად იყო და დღეს, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში გააქტიურდა. ცალსახაა, რომ ადგილი აქვს ამ საქმის ინსტრუმენტად გამოყენებას იმისთვის, რომ ჩამოიშორონ პოლიტიკიდან ნიკა მელია, როგორც მიუღებელი პოლიტიკური ლიდერი”, – აცხადებს მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.

ადვოკატების ცნობით, მელიას ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი, რომელთაგან ყველაზე მძიმე ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი