ახალი ამბები

თუ დამიჭერს, ან სახლში გამომკეტავს, ბრძოლა უჩემოდაც გაგრძელდება – მელია

2 დეკემბერი, 2019 • 1047
თუ დამიჭერს, ან სახლში გამომკეტავს, ბრძოლა უჩემოდაც გაგრძელდება – მელია

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ვარაუდობს, რომ სასამართლო დილით გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს “ქართუს გაკოტრების” საქმეზე. მელიას თქმით, მას ან ციხეს მიუსჯიან ან სხვა არასაპატიმრო სასჯელს.

მელიას თქმით, ეს პოლიტიკურ პროცესს არ შეცვლის და “ბრძოლა გაგრძელდება”.

“მე მხოლოდ რიგითი მებრძოლი ვარ ამ ბრძოლაში და ტყუილად ჰგონია ივანიშვილს, რომ ჩემი დაჭერით სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ამ ბრძოლას. მწარედ ცდება. მიუხედავად იმისა მე დამიჭერს, თუ არ დამიჭერს, ბრძოლა გაგრძელდება. დიახ, თუ დამიჭერს, ან სახლში გამომკეტავს, ბრძოლა უჩემოდაც გაგრძელდება და მეც ბევრად თავისუფალი ვიქნები ციხის საკანში, ვიდრე თავადაა – შუშის საკანში.

ლიგარქმა დაინახა რომ სამაჯურის დადებით ხელი კი შემიშალა პოლიტიკურ აქტივობაში, მაგრამ მაინც ვერ გამენეიტრალა, ვერც თვითონ დაისვენა ჩემგან და ვერც თავისი მორჩილები დაასვენა ჩემგან – დავდივარ პარლამენტში, გამოვდივარ ტელევიზიით, ვაქტიურობ სოციალურ ქსელში. ამიტომ, დღის წესრიგში დადგა ჩემი კიდევ უფრო შეზღუდვა – ციხეში ან სახლში გამოკეტვის გზით.

ივანიშვილი იმასაც მიხვდა რომ ამისთვის გავრილოვის საქმე არ გამოადგებოდა – გავრილოვის საქმე დროში გაეწელებოდა მარტივი მიზეზის გამო – ასობით მოწმეა დასაკითხი და სასწრაფოდ დააჩქარებინა საქმე, რომელიც წლებია იწელება.

მოკლედ, ხვალ, მურისიძის ხელით, ან ციხეში გამიშვებს, ან სხვა არასაპატიმრო სასჯელს გამოიყენებს. ორივე შემთხვევაში, საპატიმრო სასჯელი იქნება თუ არასაპატიმრო, პარლამენტმა უახლოეს სხდომაზე კენჭი უნდა უყაროს ჩემი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას. ერთ შემთხვევაში, არასაპატიმრო სასჯელის შემთხვევაში მე პარლამენტის დარბაზში ვიქნები და “ოცნებაში” დარჩენილმა დეპუტატებმა კვლავ ჩემი დარბაზში ყოფნის პირობებში უნდა მიაჭირონ ხელი პარლამენტიდან გამოგდების ღილაკს, მეორე შემთხვევაში – ციხეში და ჩემი დარბაზში არ ყოფნის პირობებში მიაჭერენ ხელს ღილაკს”, – წერს მელია ფეისბუკზე.

“ყველას, ყველა ჩემს თანამებრძოლს მინდა მოვუწოდო ჭკვიანური ბრძოლისკენ. ჩემი დაჭერით არაფერი არ იცვლება. მთავარი ერთიანობაა, ერთად დგომაა და არა ის, სად იდგება შენი თანამებრძოლი – გარეთ, შენთან ერთად, თუ საკანში”, – აცხადებს მელია.

“ქართუს გაკოტრების” საქმეზე მელიას მიმართ განაჩენი ხვალ გამოცხადდება

მასალების გადაბეჭდვის წესი