კომისიის წევრებმა საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიების პროგრამა დაამტკიცეს.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 26 მაისს სახალხო ზეიმი გაიმართება.
„თორმეტ საათზე დაიწყება ღონისძიება საზეიმო თეატრალიზებული მსვლელობით, პირველ საათზე ფიცის დადება გაიმართება თავისუფლების მოედანზე, გვექნება ავიაშოუს ელემენტები. მთელი დღის განმავლობაში, საღამოს 8 საათამდე რუსთაველის გამზირი დაეთმობა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მოწყობილ კუთხეებს. გველოდება ბევრი სანახაობა. გუდაურის განვითარების ფონდი ხელოვნური გათოვლიანების კუთხეს მოაწყობს, სადაც იქნება საგუნდაო და საციგურაო ადგილები. ასევე, მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ჩატარდება კონკურსები, შეჯიბრებები, გაიმართება მხიარული სტარტები და სხვადასხვა ტიპის კონცერტები. 26 მაისს იქნება ყველაფერი ის, რაც ამ დღეს დაამახსოვრებს მოსახლეობას და შეუქმნის მათ საზეიმო განწყობას,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
26 მაისს საზეიმო კონცერტი გაიმართება ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში, რომელიც მიეძღვნება ჯანსუღ კახიძის საიუბილეო თარიღს. ღონისძიებებს პარლამენტის წინ დაგეგმილი გალა–კონცერტი და ფოიერვერკი დაასრულებს.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის სხდომას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.





