“წავედი, ხვალ დილიდან ვაპირებ რიგაში გამგზავრებას, რათა ჩემი წასვლის მიზეზებზე მივაწოდო ჟურნალისტებს ინფორმაცია ზოგადად იმ კონსოლიდირებული ზეწოლის მრვალაწახნაგებზე, რასაც ბოლო 2 თვის მანძილზე ადგილი ჰქონდა ჩემ მიმართ. მე ვერ დავინახე, რომ ხელისუფლებას გააზრებული ჰქონდა ის საფრთხე, რომლის წინაშეც დავდექი, მაგრამ მაინც პირიქით მგონია, გააზრებული აქვთ და აწყობთ, ასე რომ იყოს”, – განუცხადა ნეტგაზეთს ირაკლი კორძაიამ.
“ირაკლი კორძაია საქართველოდან წავიდა. მიზეზს თვითონ იტყვის. გუშინ ღამით გაფრინდა. ჰქონდა ზეწოლას ადგილი. მე როგორც ვიცი, ის იდეალები, რომელიც ამ არჩევნებთან დაკავშირებით ჰქონდა, დაერღვა”, – ამბობს ჩვენთან საუბარში სოსო ზაალიშვილი, მისი მეგობარი, რომელმაც კორძაია აეროპორტამდე მიიყვანა.

ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა კორძაია ევროპის რომელიმე ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნას ან საქართველოში უკან დაბრუნებას და როდის.
“სანამ გარანტიები არ ექნება, ვერ დაბრუნდება. აშკარად იყო ზეწოლა ამ ადამიანზე”, – ამბობს ზაალიშვილი.
28 მარტს თბილისში, საკუთარ სადარბაზოსთან ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანს ესროლეს. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ხარძიანის ოჯახის ახლობლები აცხადებდნენ, რომ მკვლელობის კვალი შესაძლოა გია უდესიანთან მიდიოდეს, რომელთანაც ხარძიანს დავა ქონდა.
ხარძიანის ოჯახის ახლობელმა ირაკლი კორძაიამ “იმედის” ეთერში სტუმრობისას უდესიანის გარდა ლაშა ნაცვლიშვილისა და ჯანყარაშვილი გვარები დაასახელა, რომლებიც, მისი თქმით, ხარძიანისთვის ქონების დაბრუნების პროცესს აყოვნებდნენ:
“2012 წელს, როცა გაჩნდა იმედი, რომ ბიზნესმენებს დაუბრონდებოდათ მათი კუთვნილი ქონება, უდესიანის გვარის გარდა ამ საქმეში, მართალია, ფარულად, მაგრამ გამოჩნდა სხვა გვარები. ეს გვარები არის ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ხელოვნურად აყოვნებდა ამ პროცესს. ეს არის ბატონი ჯანყარაშვილი, რომელსაც აქვს პირდაპირი ბიზნეს–ინტერესები ბატონ უდესიანთან,”– თქვა ირაკლი კორძაიამ.
ზვიად ჯანყარაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანანდებობას 2014 წლის 5 აპრილამდე იკავებდა. ზვიად ჯანყარაშვილი საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილია.
ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია აცხადებდა, რომ თუ ირაკლი კორძაია ბიზნესმენ ხარძიანის მკვლელობაში ჯანყარაშვილის მონაწილეობის საბუთებს არ წარმოადგენდა, ან ბოდიშს არ მოიხდიდა, მაშინ მას სასამართლოში უჩივლებდა. აპრილის დასაწყისში ჯანყარაშვილმა კორძაიას უჩივლა.
