ახალი ამბები

უგულავას თქმით, შეხვედრაზე „სირცხვილიას“ დასწრებაზე უარი „ოცნებამ“ განაცხადა

30 ნოემბერი, 2019 • 1290
უგულავას თქმით, შეხვედრაზე „სირცხვილიას“ დასწრებაზე უარი „ოცნებამ“ განაცხადა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა წერს, რომ მათმა პარტიამ დააყენა მმართველ გუნდთან ელჩების თანდასწრებით შეხვედრაში „სირცვილიას“ წარმომადგენლის ჩართვის საკითხი, თუმცა „ქართული ოცნება“ არ დათანხმდა.

დღეს, 30 ნოემბერს, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან დიპლომატების თანდასწრებით და არჩევნების საკითხზე საუბრობენ. თუმცა შეხვედრას არ ესწრება მოძრაობა „სირცხვილია“, რომელიც დემონსტრაციების ერთ-ერთი ორგანიზატორია.

გიგი უგულავამ ფეისბუკზე დაწერა, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ორჯერ დააყენა სამოქალაქო აქტივისტთა წარმომადგენლის ჩართვის საკითხი ამ შეხვედრაში, თუმცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს.

„ამაყი და ამპარტავანი „ქოცები“ თავს იტყუებენ და იწყნარებენ, რომ ქუჩის აქციას კი არ ხვდებიან, არამედ ელჩების თხოვნით, პარლამენტის სპიკერებს და, როგორც გამოჩნდა ვიცესპიკერებს“, – წერს უგულავა და ამ ფორმატს „მასხარაობას“ უწოდებს:

„უკეთესი იქნებოდა ქოცებს შინაარსზე დაეხარჯათ ამდენი დრო და ენერგია, ვიდრე ამ სცენის დადგმაზე და გათამაშებაზე. მეტიც ეს ყველაფერი იმიტომ გაითამაშეს, რომ ჩვენ მაგიდა აგვეყირავებინა და „შეგვტენოდა“ ჩაშლა“, – წერს იგი.

უგულავას თანახმად, თუკი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდება, გამოდის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ელჩებიც „გადააგდო“: „ჩვენ კი კანონპოექტს მაინც გავაგზავნით ოდირსა და ვენეციის კომისიაში. ასე რომ ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით“, – წერს იგი.

თავის მხრივ, „სირცხვილია“ აცხადებს, რომ შეხვედრის ამ ფორმატში ჩატარების მიზანია, „პროტესტი ვიწროპარტიულ ინტერესად წარმოაჩინოს და უთანხმოების კერები გააჩინოს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ერთობაში“.

ნახეთ ასევე:

მიზანია, უთანხმოების კერები გააჩინოს – „სირცხვილია“ არჩევნებზე დისკუსიის ფორმატზე

მიზანია, უთანხმოების კერები გააჩინოს – „სირცხვილია“ არჩევნებზე დისკუსიის ფორმატზე

მასალების გადაბეჭდვის წესი