მიზანია, უთანხმოების კერები გააჩინოს – „სირცხვილია“ არჩევნებზე დისკუსიის ფორმატზე

პარლამენტის წინ საპროტესტო დემონსტრაციების ციკლის, „სირცხვილიას“ ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის შემოთავაზებული მოლაპარაკებების ფორმატი ბადებს ეჭვს, რომ ხელისუფლება ცდილობს, პროტესტი ვიწროპარტიულ ინტერესად წარმოაჩინოს და უთანხმოების კერები გააჩინოს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ერთობაში.

თუმცა, მათივე განცხადებით, ამ მოლაპარაკებებით სასურველი შედეგის მიღწევის მინიმალური შანსი თუ მაინც არსებობს, ფორმატის მიუღებლობის მიუხედავად, მათ არ აქვთ მორალური უფლება, ჩაშალონ ეს ფორმატი.

ეს განცხადება ორგანიზატორებმა ოპოზიციის ლიდერებისა და მმართველი გუნდის შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე გაავრცელეს. ეს შეხვედრა ელჩების თანდასწრებით გაიმართება.


გთავაზობთ ორგანიზატორების განცხადებას:

„სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები 30 წლის განმავლობაში ითხოვდნენ საქართველოში პროპორციულ საარჩევნო სისტემას. 2019 წლის 24 ივნისს ეს ხანგრძლივი ბრძოლა “სირცხვილიას” ხალხმრავალი მანიფესტაციებისადმი ხელისუფლების დათმობით დაგვირგვინდა. ქვეყნის სამსახურში ჩამდგარ ხალხს ბიძინა ივანიშვილი 2020 წელს სამართლიან საარჩევნო სისტემას დაპირდა.

ბიძინა ივანიშვილის მორიგმა ტყუილმა და უკან წაღებულმა პირობამ პროტესტის ახალი ტალღა ააგორა. კამპანიამ “ერთად ერთის წინააღმდეგ” სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი გააერთიანა. ორგანიზებული გამოსვლებისა და საერთაშორისო წნეხის შედეგად ხელისუფლებამ მზაობა გამოთქვა დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ოპონენტებს შეხვედროდა, რათა ე.წ. გერმანული მოდელის თაობაზე ემსჯელა.

მნიშვნელოვნად მიგვაჩნია განვაცხადოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც არ ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლება ცდილობს, პროტესტი ვიწროპარტიულ ინტერესად წარმოაჩინოს და უთანხმოების კერები გააჩინოს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ერთობაში.

თუმცა, თუ მინიმალური შანსი მაინც არსებობს, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგად ბიძინა ივანიშვილი წავა დათმობაზე, შემოთავაზებული ფორმატის მიუღებლობის მიუხედავად, ჩვენ არ გვაქვს მისი ობსტრუქციის მორალური უფლება.

თავის მხრივ, მოლაპარაკებებზე წარმოდგენილმა პოლიტიკოსებმა უნდა იმოქმედონ მკაცრად განსაზღვრული მანდატით ერთადერთი შედეგის მისაღებად – პროპორციული არჩევნები ე.წ. გერმანული მოდელით და არ მისცენ შესაძლებლობა ბიძინა ივანიშვილს, მოლაპარაკებები აქციოს პოლიტიკურ ფარსად, გამოიყენოს დროის გასაყვანად და საზოგადოების კიდევ ერთხელ მოსატყუებლად.

გვინდა შეგახსენოთ, რომ პოლიტიკური პარტიები არ არიან საპროტესტო აქციების ერთადერთი წარმმართველები და შესაბამისად, ვერ მიიღებენ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას მათი შეწყვეტის ან გაგრძელების თაობაზე. თუ მოლაპარაკებების პროცესი ან მისი შედეგი არ იქნება შესაბამისობაში სამოქალაქო საზოგადოების მოლოდინებთან, ამას მოყვება უმწვავესი რეაქცია, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს.

სამოქალაქო საზოგადოება არასდროს შეურიგდება პოლიტიკურ კომპრომისებს ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ინტერესების ხარჯზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com