“ვიმედოვნებთ, რომ ევროპული თამაშების ყურების დროს მსოფლიოს ემახსოვრება აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტები”, განაცხადა ჯონა ჰიუზმა, აშშ-ის ეროვნული პრეს-კლუბის ხელმძღვანელმა.
აშშ-ის ეროვნული პრეს-კლუბი წამყვანი ჟურნალისტების მიერ 1908 წელს აშშ-ში დაფუძნდა. კლუბი ყოველწლურად პრემიებს ანიჭებს რეპორტიორებს, რომლებიც მსოფლიოში თავისუფალი პრესის ღირებულებებს იცავენ. დაჯილდოების ცერემონია ყოველ წელს ვაშინგტონში, 29 ივლისს იმართება.
“რადიო თავისუფლების” აზერბაიჯანის სამსახურის რეპორტიორი და უფლებადამცველი ხადიჯა ისმაილოვა გასული წლის 5 დეკემბერს დააკავეს. ჟურნალისტი ბაქოს საბაილის რაიონულ სასამართლოში გამოიძახეს საქმეზე, რომელშიც სხვა ჟურნალისტი მას თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაში ადანაშაულებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისმაილოვას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში კი მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ხადიჯა ისმაილოვას მხარდასაჭერად გასული წლის 10 დეკემბერს თბილისში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოსთან, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ისმაილოვას დაკავება გააპროტესტეს.

