ახალი ამბები

პრინციპულად მიგვაჩნია, მოლაპარაკებებში ჩაერთოს „სირცხვილია“ – „ლელო“

30 ნოემბერი, 2019 • 1550
პრინციპულად მიგვაჩნია, მოლაპარაკებებში ჩაერთოს „სირცხვილია“ – „ლელო“

სამოქალაქო მოძრაობა „ლელო“ აცხადებს, რომ პრინციპულად მიაჩნიათ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის მოლაპარაკებებში დემონსტრაციების ორგანიზატორების, მოძრაობა „სირცხვლიას“ წარმომადგენლების ჩართვა.

დღეს, 30 ნოემბერს, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან დიპლომატების თანდასწრებით. შეხვედრაში მონაწილეობას არ ღებულობს მოძრაობა „სირცხვილია“.

„ლელომ“ ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც წერია: „პრინციპულად მიგვაჩნია, რომ ამ მოლაპარაკებებში ჩაერთოს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომლის წვლილი უდიდესია პროპორციული არჩევნების დაპირების მიღწევაში მიმდინარე წლის ზაფხულში და რომელიც დღემდე არის ამ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი მონაწილე“.

„სწორედ ამ ადამიანების თანმიმდევრულმა, პრინციპულმა და სწორმა პროტესტმა შექმნა 2020 წელს არჩევნების პროპორციულად ჩატარების შესაძლებლობა“, – წერს ლელო

„პროპორციული არჩევნები არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის თითოეული მოქალაქის უფლება, მიიღოს მონაწილეობა სამართლიან არჩევნებში. ამასთან, „სირცხვილიას“ ჩართვა ამ პროცესში გაზრდის პროცესის ანგარიშვალდებულებას ფართო საზოგადოების წინაშე, რაც აუცილებელია“.

პარლამენტის წინ საპროტესტო დემონსტრაციების ციკლის, „სირცხვილიას“ ორგანიზატორები, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის შემოთავაზებული მოლაპარაკებების ფორმატი ბადებს ეჭვს, რომ ხელისუფლება ცდილობს, პროტესტი ვიწროპარტიულ ინტერესად წარმოაჩინოს და უთანხმოების კერები გააჩინოს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ერთობაში.

მიზანია, უთანხმოების კერები გააჩინოს – „სირცხვილია“ არჩევნებზე დისკუსიის ფორმატზე

მასალების გადაბეჭდვის წესი