შსს-ს ინფორმაციით, 25 წლის ბრალდებულმა მამაკაცმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, თავის საცხოვრებელ სახლში, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა 1 და 3 წლის გერებს, ხოლო საკუთარ შვილს, რომელიც 4 წლისაა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა, რის გამოც კატასტროფის ბრიგადამ იგი თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაკავებულმა დანაშაული აღიარა. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.
“სახალხო დამცველი გმობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ სოფელში მცირეწლოვან ბავშვთა მიმართ განხორციელებული ფიზიკურ ძალადობის შემთხვევას”, – წერია განცხადებაში.
აქვე ნათქვამია, რომ სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო აღნიშნული საქმის შესწავლა.
“გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის მე–19 მუხლის თანახმად, კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სოციალურ ზომას იღებენ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მიმართავენ, „რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი პირის მხრიდან ნებისმიერი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისგან“. ამასთან, გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტმა (CRC) 2008 წლის 23 ივნისის „ბავშვის უფლებების შესახებ დასკვნითი შენიშვნების“ პარაგრაფებში მიუთითა საქართველოს ვალდებულებაზე, მიიღოს ყველა ზომა არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის, განსაკუთრებით კი ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად”.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რათა დროულად და ეფექტურად განხორციელდეს ძალადობის მსხვერპლი 3 მცირეწლოვანი ბავშვის ფსიქო–სოციალური რეაბილიტაცია, უსაფრთხო და სათანადო სააღმზრდელო პირობებით უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიულ მზრუნველობაში განთავსება და შემდგომი ზედამხედველობა.
საქართველოს სახალხო დამცველი ასევე მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, გონივრულ ვადაში წარმართოს გამოძიება.
ომბუდსმენი მიმართავს საქართველოს მთავრობას, არასრულწლოვანთა მიმართ ფიზიკური ძალადობის აღმოფხვრისთვის შეიმუშაოს ეფექტური პრევენციული ღონისძიებები, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მცირეწლოვანთა, როგორც მომეტებული ზრუნვის საჭიროების მქონე ბავშვთა უფლებების განუხრელ დაცვაზე.





