ახალი ამბები

მდინარაძის სამაჟორიტარო ბიუროსთან მისულ აქტივისტებს უცხო პირები დაუპირისპირდნენ

29 ნოემბერი, 2019 • 1189
მდინარაძის სამაჟორიტარო ბიუროსთან მისულ აქტივისტებს უცხო პირები დაუპირისპირდნენ

დღეს, 30 ნოემბერს, მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტები მამუკა მდინარაძის სამაჟორიტარო ბიუროსთან მივიდნენ, სადაც მათ უცხო პირები დახვდნენ. ადგილზე იყო დაპირისპირება. ბიუროსთან მობილიზებულია პოლიციაც.

მდინარაძის ბიუროსთან შეკრებილი კაცები წინ გადაუდგნენ “გაბედეს” აქტივისტებს და შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ.

“მთავარი არხის” ჟურნალისტმა ჰკითხა ერთ-ერთ პირს, მუშაობდა თუ არა სამაჟორიტარო ბიუროში, რაზეც მან უპასუხა, რომ ახლომდებარე კორპუსის მცხოვრებელია.

მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტების თქმით, მათ თან 41 ვერცხლი ჰქონდათ, რომელიც რეალურად იყო ვერცხლისფერ ფოლგაში შეხვეული შოკოლადი და რომლის მიტანაც მდინარაძის ბიუროსთან სიმბოლურად უნდოდათ. მათი თქმით, ამ პერფორმანსით ისინი მდინარაძეს ეუბნებიან, რომ ის “41 ვერცხლზე” გაიყიდა. “გაბედეს” აქტივისტების თქმით, მათი განაწყენება მამუკა მდინარაძის განცხადებამ გამოიწვია. “ქართული ოცნების” დეპუტატმა ისინი მოძრაობა “კმარას” შეადარა. აღნიშნული ახალგაზრდული მოძრაობა საქართველოში 2000-იანი წლების დასაწყისში არსებობდა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა “ვარდების რევოლუციის” განხორციელებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი