ორგანიზაციის ინფორმაციით, მოქალაქე ნატა თარხან–მოურავმა ადამიანის უფლებათა ცენტრს აცნობა, რომ მიმდინარე წლის 28 მარტს მისი ვაჟი, თორნიკე მარგიანი ძველი თბილისის პოლიციის მე–3 განყოფილებაში პოლიციელებმა სასტიკად სცემეს – კერძოდ, იგი შეიყვანეს განყოფილებაში ხელმარჯვნივ ოთახში, სადაც დამონტაჟებული არ იყო ვიდეოკამერები, დასვეს სკამზე, რომელსაც ჰქონდა რკინის ფეხები.

 

“ოთხი პოლიციელი ფეხების, თავის, სახისა და ტანის არეში ურტყამდა. სასტიკი ცემისგან სკამი დაიმტვრა. ცემის შემდეგ თორნიკე მარგიანი დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს. შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორის დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმის თანახმად, თორნიკე მარგიანს დაზიანებები აღენიშნებოდა”, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

 

აქვე პოლიციელის მიერ მოქალაქე ალექსანდრე ახალკაცის ცემის ფაქტზეც წერია. 

 

“ალექსანდრე ახალკაცის განმარტებით, 9 მაისს იგი და მისი მეგობარი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა გურამიშვილის გამზირზე სასტიკად სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციელები მათ ფეხებს წვივებში და წელის არეში ურტყამდნენ. ალექსანდრე ახალკაცმა პოლიციელთა ავტომობილების ნომრების ჩაწერა მოახერხა. ახალკაცის განმარტებით, პოლიციელები გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში მუშაობენ. მას ყველა პოლიციელის ამოცნობა შეუძლია. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ორგანოებს, სასწრაფოდ გამოიძიონ მოქალაქეთა მიმართ ჩადენილი დანაშაული, პასუხისგებაში მისცენ ყველა ის პირი, რომელიც რაიმე ფორმით ჩართული იყო თორნიკე მარგიანის, ალექსანდრე ახალკაცისა და მისი მეგობრის მიმართ განხორციელებულ უკანონობაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, ეფექტური საპარლამენტო კონტროლი განახორციელოს მითითებული ფაქტების გამოძიების მიმდინარეობაზე.

 

ამ საკითხებთან დაკავშირებით ორგანიზაცია პრესკონფერენციას 19 მაისს გამართავს. 

 

აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით ნეტგაზეთი შსს-ს დაუკავშირდა. უწყების პრესცენტრში ამბობენ, რომ თორნიკე მარგიანის საქმე პროკურატურას გადაეცა, ალექსანდრე ახალკაცზე კი გენერალური ინსპექცია სამსახურებრივ შემოწმებას აწარმოებს.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *