მათი მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს ის არჩევნების შედეგი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჩაატარა.
ცენტრის თანამშრომელთა განმარტებით, აუცილებელი იყო ცენტრის თანამშრომლების ჩართვა იმ საარჩევნო კომისიაში, ვინც არჩევნები ჩაატარა.
“განათლების სამინისტრო როდესაც ასეთ არჩევნებს ატარებს, სადაც გათვალისწინებული არ არის არც ერთი თანამშრომლის აზრი, სწორედ ეს იწვევს პროტესტს და გაუგებრობას”, – ამბობს ჟურნალისტებთან საუბარში მიხეილ ქავთარაძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი.
გარდა ამისა, ისინი ითხოვენ, გაუქმდეს კანონის ინ ნორმა, რომლის შესაბამისად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს არ აქვთ გადაწვეტილებაში ჩართვის უფლება.
გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ “ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცის ახირების გამო, შეიძლება, ახალარჩეული დირექტორი, ზაზა აბაშიძეც დაითხოვონ”.
“ვითხოვთ კონკურსის შედეგების გაუქმებასა და ეროვნული ცენტრისთვის დირექტორის არჩევის უფლების დაბრუნებას”, – აცხადებს გოგა გაგნიძე, რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
ცენტრის თანამშრომლები ამ მოთხოვნებით ხელმოწერებსაც აგროვებენ.
გაფიცვის ფაქტს გამოეხმაურა, თამარ სანიკიძე, განათლების მინისტრიც.
“ისინი [ცენტრის თანამშრომლები] ამბობენ, რომ სუბიექტური იყო კომისია, და რომ ჩემი, როგორც მინისტრის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ კომისიის წევრები. როგორ ფიქრობს ვინმე, ბატონ ზაზა აბაშიძეს სჭირდება ჩემი პროტექცია კომისიის წევრებთან იმისთვის, რომ მოეპოვებინათ მათი ხმები? ეს განცხადება სირცხვილი და შეურაცხმყოფის მიმყენებელია როგორც ბატონი ზაზა აბაშიძისთვის, ისე კომისიის წევრებისთვის”, – აცხადებს სანიკიძე.
საკონკურსო კომისიამ გადაწყვეტილება 16 მაისს მიიღო და დირექტორის თანამდებობაზე ზაზა აბაშიძე აირჩია. ცენტრის თანამშრომლები მხარს ცენტრის ყოფილი დირექტორის, ბუბა კუდავას კანდიდატურას უჭერდნენ.
განათლებისა და მენციერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, 2014 წელს ცენტრის ბიუჯეტი გაორმაგდა, თუმცა ეს არ ასახულა იმ თანამშრომლების ხელფასზე, ვისზეც “დგას” ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. მინისტრის განცხადებით, კუდავას დაევალა, ხელფასები გაეზარდა, თუმცა მან შერჩევით, მასთან დაახლოებულ პირებს მისცა დანამატები, ხოლო თავად კუდავას ხელფასი საშუალოდ თვეში 3500 ლარია.
