“ხეების უმოწყალო ჭრა საფრთხეს გვიქმნის სრულიად საქართველოს, თუ გნებავთ გლობალურად, კლიმატის ცვლილების კუთხით, ეს კონკრეტული აქცია უკავშირდება არაერთგზის გაცხადებულ იპოდრომს, თბილისის ფილტვებს, რომელიც ფაქტობრივად აღარ არსებობს. ახლა რაც დარჩენილია, იმის ლიკვიდაციაც იგეგმება. ვითხოვთ, რომ შეწყდეს ბეტონის ჯუნგლების გაშენება თბილისის გულში, იპოდრომი არის ერთადერთი ადგილი, სადაც ექსტრემალურ სიტუაციაში შესაძლოა ვერტმფრენი დაჯდეს, ბეტონის ჯუნგლების გაშენებას, ადამიანის სიცოცხლეზე ვიზრუნოთ სჯობს”, – განაცხადა “ნეტგაზეთთან” საუბარში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ქეთევან ჩიხლაძემ.
დღეს, 18 მაისს, თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაერთიანებული სხდომა იმართება, სადაც აქციის მონაწილეების თქმით, იხილება 11 ახალი კორპუსის მშენებლობის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც თბილისის ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის განაშენიანების ბედს გადაწყვეტს.
მოქალაქეების დღევანდელ აქციას არ ჰყავს კონკრეტული ორგანიზატორი, ის ფეისბუქის საშუალებით დაიგეგმა და მასში მონაწილეობენ ის მოქალაქეებიც, რომლებიც იპოდრომის ტერიტორიასთან ცხოვრობენ. მათი ინფორმაციით, დარჩენილი ტერიტორია არქი ჯგუფს უნდა გადაეცეს საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად. აქციის მონაწილებს თან აქვთ დასარტყამი საგნები და აქცია ხმაურით და სასტვენების ფონზე მიმდინარეობს.







