ახალი ამბები

ივანიშვილს სამოქალაქო სექტორი ოპოზიციაში ყოფნისას ძალიან მოსწონდა – ხუციშვილი

28 ნოემბერი, 2019 • 1284
ივანიშვილს სამოქალაქო სექტორი ოპოზიციაში ყოფნისას ძალიან მოსწონდა – ხუციშვილი

ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” ხელმძღვანელი ქეთი ხუციშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ არასამთავრობო სექტორის კრიტიკას ეხმაურება და ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ლიდერს სამოქალაქო სექტორი ოპოზიციაში ყოფნის დროს მოსწონდა.

“მე მინდა შევახსენო ბატონ ბიძინას, რომ მას ძალიან მოსწონდა სამოქალაქო სექტორი, როცა ის იყო ოპოზიციაში, და სამოქალაქო სექტორი მაშინაც, ისევე როგორც დღეს, იბრძოდა იმისთვის, რომ ჩატარებულიყო სამართლიანი არჩევნები, დაცული ყოფილიყო ადამიანის უფლებები და არ მომხდარიყო ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიის დევნა.

მაშინდელი ხელისუფლება სწორედ ბიძინა ივანიშვილთან და მის თანამებრძოლებთან მიკერძოებულობაში გვდებდა ბრალს“, – აცხადებს ხუციშვილი.

მისი თქმმით, დღეის მდგომარეობით სიტუაცია შემოტრიალდა და “ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს დააბრალოს არასამთავრობო სექტორს ოპოზიციისადმი მიკერძოება, “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლაც იგივეს ვაკეთებთ, რასაც ვაკეთებდით ყოველთვის“.

ხუციშვილი განმარტავს, რომ NGO სექტორის მთავარი დანიშნულება ადამიანის უფლებების დაცვა, ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგი და გადაცდომებზე მითითება იყო, რაც თავის მხრივ შეიძლება ხელისუფლებას არ მოსწონდეს.

მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილმა დღეს ობიექტური კრიტიკა მიიღოს შეუსრულებელი პირობების გამო, მას ურჩვენია არასამთავრობო სექტორი ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულოს – “მოახდინოს სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია განსაკუთრებით ახლა, არჩევნების წინ, იმისათვის, რომ დააკნინოს და ფასი დაუკარგოს არასამთავრობო ორგანიზაციების სწორედაც რომ მიუკერძოებელ შეფასებებს“.

“არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროებას ხელისუფლება იწყებს მაშინ, როცა ის იწყებს სვლას ავტოკრატიისკენ”,- ამბობს ქეთი ხუციშვილი.

ივანიშვილმა გუშინ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემას – “სვოტ ანალიზს“ ინტერვიუ მისცა, სადაც არასამთავრობო სექტორთან ერთად საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტი (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტიც (NDI) გააკრიტიკა. მან თქვა, რომ აშშ-ის დაფუძნებული ინსტიტუტები საქართველოში დევალვაციას განიცდიან.

აშშ-ის დაფუძნებული ინსტიტუტები საქართველოში დევალვაციას განიცდიან – ივანიშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი