ახალი ამბებისაზოგადოება

რაზე მიანიშნა ივანიშვილმა აშშ-ს?

28 ნოემბერი, 2019 • 7855
რაზე მიანიშნა ივანიშვილმა აშშ-ს?

“დევალვაციას განიცდიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ეს “შეიძლება გადაიზარდოს საერთო უნდობლობაში” შეერთებული შტატების მიმართ, რაც “სამწუხარო” იქნება.

ივანიშვილის კრიტიკა ეხებოდა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტსა (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI), რომელთა დაკვეთით ჩატარებულ კვლევებსაც მმართველი გუნდი არ ენდობა და აკრიტიკებს.

საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტების შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ ანტიდასავლურ განწყობების გაღვივებაზე მინიშნება უკიდურესად სახიფათოა და ყურადღებას საჭიროებს.

“ის განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ საერთაშორისო და დასავლური ქვეყნების მიერ მხარდაჭერილ არასამთავრობო  ორგანიზაციებთან დაკავშირებით და შემდეგ ამ ყველაფერის გაერთიანება ანტიამერიკულ განწყობებში, არის ძალიან საშიში ტენდენცია და ჰარმონიაშია იმ რუსულ პროპაგანდასთან, რომელიც საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ”, – აცხადებს “ნეტგაზეთთან” საუბარში “საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” (GSAC) თანადამფუძნებელი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე თეონა აქუბარდია.

აქუბარდია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ბიძინა ივანიშვილის შეტევა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებზე გაგრძელება იყო იმავე ტელეკომპანია “იმედში” წინა დღეს გასული გადაცემის, სადაც ნეგატიურად შეფასდა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა. იგი ქვეყნის დემოკრატიული ფასეულობების და დემოკრატიული განვითარების საწინააღმდეგოს უწოდებს მმართველი გუნდის თავდასხმას სამოქალაქო სექტორზე და საერთაშორისო ორგანიზაციებზე, მათი “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაიგივების გზით.

“ერთადერთი ქვეყანა, ვის ინტერესებშიც ჯდება იმ არასამთავრობო სექტორზე დარტყმა, რომელიც დასავლეთის ქვეყნებიდან ფინანსდება, ისევე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებზე შეტევა, არის რუსეთი. თავისი  განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა, ერთი მხრივ, წაახალისა რუსეთის ფედერაციის მხრიდან მხარდაჭერილი აქტორები, რომლებიც ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ. მეორე მხრივ, ვფიქრობ, ეს იყო ღია გაფრთხილება შეერთებული შტატებისადმი, რომ ივანიშვილმა ყველა შეიძლება მონათლოს ქვეყნის წინააღმდეგ წასვლაში (ქვეყანაში კი განიხილავს საკუთარ თავს და გუნდს). ამიტომ ეს იყო ანტიდასავლური გზავნილი, გაკეთებული პირველად ასე ღიად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რაც ნამდვილად სარისკოა და სიფრთხილე გვმართებს”, – ამბობს აქუბარდია.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორი კორნელი კაკაჩია ასევე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაიმეორა “ქართული ოცნების” აქტივისტებში და მხარდამჭერებში დიდი ხნის წინ დანერგილი ნარატივი და მმართველ გუნდში ჰგონიათ, რომ აშშ მხარს უჭერს ოპოზიციას და სათანადოდ არ უჭერს მხარს მთავრობას. GIP-ის დამფუძნებელი ხაზს უსვამს, რომ განსხვავებით სააკაშვილის ხელისუფლებისგან, “ქართულმა ოცნებამ” თავის საუკეთესო წლებშიც კი ვერ მოახერხა განსაკუთრებული ურთიერთობების დამყარება დასავლელ ლიდერებთან და აშშ-ის პოლიტიკურ კლასთან, რაც გარკვეულწილად კვებავს არასწორ აღქმას, რომ თავიანთი კონტაქტებიდან გამომდინარე “ნაციონალურ მოძრაობას” უფრო დიდი გავლენა აქვთ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში, ვიდრე მოქმედ ხელისუფლებას.

“ქართულ ოცნებას” მუდმივად და განსაკუთრებით ბოლო ხანებში ღრღნის ეჭვი, რომ დასავლეთი მხარს უჭერს ოპოზიციას და არა მთავრობას. ისინი, ეტყობა, ელოდებიან, რომ დასავლეთი უფრო მკაფიო განცხადებებს გააკეთებს მთავრობის სასარგებლოდ. ბუნებრივია, ეს არარეალურია. შეერთებულ შტატებს არცერთი ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადება არასდროს გაუკეთებია. აშშ-ის ინტერებში არის ზოგადად სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება საქართველოში და არა ამა თუ იმ პარტიის დღის წესრიგის გაზიარება. ეტყობა, ვერ მიიღეს მხარდაჭერა წმინდა  პარტიული თვალსაზრისით. მმართველი გუნდი, რომელიც აკონტროლებს ყველაფერს საქართველოში, არ ფლობს ბერკეტებს საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაზე აქ. ამიტომ, ივანიშვილმა გაუგზავნა მესიჯი შეერთებულ შტატებს, რომ თუ  რაღაც არ შეიცვლება, ამან შეიძლება დააზიანოს აშშ-საქართველოს ორმხრივი  ურთიერთობები”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” კაკაჩიამ.

მისი თქმით, ივანიშვილმა გამოავლინა პოსტსაბჭოთა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მოქმედი ლიდერების ტიპური ხედვა, რომ ასეთი გზავნილებით შეიძლება ევაჭროს ამერიკის შეერთებულ შტატებს.

“ყოველგვარ რეალობას აცდენილი შეხედულებებია, მაგრამ გზავნილი სწორედ ის არის ივანიშვილის, რომ თუ არ მოხდება ამ ორგანიზაციების (IRI, NDI) საქმიანობის შეცვლა, ამან შეიძლება ორმხრივ ურთიერთობებზე იქონიოს გავლენა. ასეთი მიდგომა, პირველ რიგში, საქართველოსთვის არის დამაზიანებელი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება დიდი ხანია ძალაუფლების შენარჩუნების რეჟიმზე მუშაობენ, ამ ამოცანიდან უყურებენ ყველაფერს და მათთვის ცოტა რთულია გაგება, რომ საქართველოს და მისი ხელისუფლების ინტერესები შეიძლება ერთი და იგივე არ იყოს”, – აღნიშნავს კაკაჩია.

“ჩვენ გადავიარეთ ის, რომ  აშშ ნაცმოძრაობას მხარს აღარ უჭერს”, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა “იმედთან” ინტერვიუში. მისი თქმით, ვინც პოლიტიკაშია, ეს ყველამ გაიგო.

“მაგრამ ზოგადი განცდაა, რომ დაჟინებით მიდის ამ კვლევებში აშკარა ტენდენციურობა და დევალვაციას განიცდიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში… ჩვენ მთლიანად ჩამოკიდებული ვართ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე. მათ უამრავი გააკეთეს, რომ ჩვენ სტაბილურობა მიგვეღო, ჩვენს განვითარებას უყურებენ, მხარს გვიჭერენ ყველანაირად. ის, რომ ასეთი პარტნიორი ინსტიტუტები განიცდიან დევალვაციას, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს საერთო უნდობლობაში და ამას შეიძლება წაუფინონ ის, რომ თუ ეს ცუდია, შეიძლება შენი სტრატეგიული პარტნიორიც რაღაც ისეთს არ აკეთებს, ეს არის ჩემთვის ყველაზე სამწუხარო”, – აცხადებს ივანიშვილი.

ის დასძენს, რომ სინამდვილეში ისეთი მხარდაჭერა აშშ-დან, როგორც საქართველოს დღეს აქვს, არასდროს ყოფილა და ამის მაგალითად წარმომადგენლობით პალატაში მიღებულ ორპარტიულ დოკუმენტს – საქართველოს მხარდამჭერს აქტს – ასახელებს. თუმცა, მისი თქმით, პრობლემები აქ არსებული ამერიკული ინსტიტუციების მიმართ არსებობს. ბიძინა ივანიშვილის აზრით, NDI-ის და IRI-ის საქმიანობა საქართველოში ამერიკის ინტერესებს აზიანებს. საქართველოს ყოფილმა პრემიერმა და მმართველი პარტიის ლიდერმა არ გამორიცხა, თეთრი სახლის ადმინისტრაციას ან კონგრესს ღია წერილითაც მიმართოს.

ამ თემაზე:

აშშ-ის დაფუძნებული ინსტიტუტები საქართველოში დევალვაციას განიცდიან – ივანიშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი