ახალი ამბები

თბილისში ოჯახის სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით კონფერენცია ჩატარდა

17 მაისი, 2015 •
თბილისში ოჯახის სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით კონფერენცია ჩატარდა

„პატრიარქის მიერ დაწესებულ ოჯახური ღირებულებების, ოჯახის დაცვის, ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით თბილისში ტარდება მსოფლიოში ყველაზე დიდი საოჯახო ღირებულებების დამცველი ორგანიზაციის კონფერენცია,“– განაცხადა დემოგრაფიული განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ლევან ვასაძემ.

2014 წელს პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა. თუმცა წლევანდელ 17 მაისს საპატრიარქომ სხვა ღონისძიების ჩატარების გამო სხვადასხვა ორგანიზაციებს ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გაუქმება თხოვა.

17 მაისს 2004 წლიდან ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თბილისში ამის აღსანიშნავად დღეს 3 ადგილას შეიკრიბნენ. 2012–13 წლების აქციებისგან განსხვავებით, დღევანდელმა შეკრებებმა მშვიდობიანად ჩაიარა.

ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ მისთვის ეს დღე ოჯახური ღირებულებების დღეა:

“მე არ ვიცი, ვინ სად შეიკრიბა. ჩვენ დღეს ვიზეიმებთ ოჯახური ღირებულებების დღეს,”– განაცხადა ვასაძემ კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

კონფერენციას World Congress of Families–ის  აღმასრულებელი დირექტორი ლარი ჯეიკობსი და მისი დირექტორი საერთაშორისო ურთიერთობებში ამერიკიდან დონ ფედერი დაესწრნენ. გარდა ამისა, ვასაძის განცხადებით,  ჩამოვიდა 20–მდე სტუმარი შეერთებული შტატებიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ხორვატიიდან და ა.შ. კონფერენციაზე დამსწრეთა შორის იყვნენ სასულიერო პირებიც.

კონფერენცია
კონფერენცია ‘დასავლური ცივილიზაცია და ტრადიციული ღირებულებები’. (მარცხნიდან) ჯონ ფედერი, ლევან ვასაძე, თამარ ჩხეიძე, ლარი ჯეიკობსი. 17.05.2015

კონფერენციაზე უჩვენეს ფილმი “პატრიარქი”. ფილმი ილია II-ის შესახებ არის და რეჟისორმა ბენჯამინ რარიმ გადაიღო.

ლარი ჯეიკობსმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ თბილისში ოჯახის მნიშვნელობასა და ადამიანის უფლებებზე სასაუბროდ ჩამოვიდა.  დონ ფედერმა კი კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას „დემოგრაფიული ზამთრის” საშიშროებაზე ისაუბრა.

კონფერენცია
კონფერენცია ‘დასავლური ცივილიზაცია და ტრადიციული ღირებულებები’. 17.05.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი