ახალი ამბები

ბატონმა ბიძინამ ჩვეული გულწრფელობით გასცა პასუხი კითხვებს – თავდაცვის მინისტრი

28 ნოემბერი, 2019 • 1015
ბატონმა ბიძინამ ჩვეული გულწრფელობით გასცა პასუხი კითხვებს – თავდაცვის მინისტრი

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს, რომელიც “იმედზე” გავიდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი შეაფასა, ასევე, საკუთარი ინიციატივით გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. მე მინდა, გამოვეხმაურო პარტიის თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს. ჩემი შეფასება არის შემდეგი, რომ ბატონი ბიძინა ჩვეული გულწრფელობით არის მოწოდებული… მან სრულად, გულწრფელად გასცა პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელიც დღეს საზოგადოებას აწუხებს და ყველა იმ აბსურდულ და ცილისმწამებლურ ბრალდებას, რომელიც მომდინარეობს ყველაზე რადიკალური, დესტრუქციული და ექსტრემისტული ოპოზიციად წოდებული ძალის მხრიდან”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ოკუპაციის და ეკონომიკური სიდუხჭირის გარდა, დღეს ქვეყნის წინაშე მდგარი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საფრთხე მომდინარეობს რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციური ძალის – “კოლექტიური ნაცმოძრაობის” მხრიდან.

“დღეს ჩვენი სახელმწიფო არის იმაზე ძლიერი, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ და არის მოწოდების სიმაღლეზე, რომ ადეკვატური პასუხი გასცეს ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც მომდინარეობს ამ საფრთხის შემცველი რადიკალური ძალის მხრიდან”, – აღნიშნა მან.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ რეაგირების გარეშე არ დარჩება დემონსტრანტების მხრიდან ნებისმიერი გადახვევა კანონიდან და კონსტიტუციიდან.

“როგორ წარმოგიდგენიათ, ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოში ან აშშ-ში მსგავსი მეთოდებით პიკეტირების მცდელობა მოხდეს კონგრესის შენობის ან სხვა პარლამენტების შენობების? ეს აბსოლუტურად დაუშვებელია. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში და ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ვართ ევროპის, ამ დიდი ცივილური გაერთიანების მომავალი წევრი, აქედან გამომდინარე, ყველა ის ანტიევროპული, ანტიდასავლური ქმედება, რომელიც გამოხატული იქნა ბოლო პერიოდში, აბსოლუტურად მიუღებელია”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და დასძინა, რომ გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი დაელოდოს არჩევნებს.

ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ ტელეკომპანია “იმედის” წამყვანმა ნიკა ლალიაშვილმა ჩაწერა. აღნიშნული გადაცემა ეთერში 27 ნოემბერს გავიდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი