ახალი ამბები

მათ უკან დგას 200 აქტივისტი – ირაკლი კობახიძე ოპოზიციის აქციაზე

28 ნოემბერი, 2019 • 1065
მათ უკან დგას 200 აქტივისტი – ირაკლი კობახიძე ოპოზიციის აქციაზე

“საქართველოს პარლამენტი 200 “ნაციონალის” დასაბლოკი არ არის”, – განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ.

“ნაციონალური მოძრაობა” ხედავს, რომ რესურსი არა აქვს. მათ უკან დგას დღეს 200 აქტივისტი, რომელიც ცდილობს პარლამენტის ბლოკირებას. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა აჩვენოს სახელმწიფოს სახე და ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს ხელისუფლების სახე. ბუნებრივია, 200 “ნაციონალის” დასაბლოკი საქართველოს პარლამენტი არ არის”, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ სამართალდამცველები იღებენ საჭირო ზომებს პროპორციულობის პრინციპის დაცვით.

კობახიძის თქმით, სამართალდამცველებმა პრევენციული ზომები მიიღეს, რათა სხვა, უფრო რთული ზომების მიღება არ გახდეს საჭირო.

დღეს დილიდან პოლიციას ბლოკირებული აქვს როგორც პარლამენტის, ისე მთავრობის კანცელარიის შესასვლელები. პარლამენტის მიმდებარე ქუჩები პოლიციამ ლითონის ღობეებით ჩახერგა, რაც შეეხება კანცელარიასთან მისასვლელ ქუჩებს, იქ პოლიციაა მობილიზებული. 10-მდე აქტივისტმა პოლიციელების ცოცხალი კორდონის გარღვევა სცადა, თუმცა, უშედეგოდ. აღნიშნული აქტივისტები ამის შემდეგ გზის სავალ ნაწილზე დასხდნენ, თუმცა პოლიციამ რამდენიმე წუთში ტროტურაზე მიწოლით გადაიყვანა.

მთავრობის კანცელარიაში დღეს მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, გარდა ამისა, პარლამენტში მიმდინარეობს კომიტეტების და ბიუროს სხდომები, დაგეგმილია პლენარული სხდომაც.

ოპოზიციონერი აქტივისტები დილიდან ცდილობენ, პარლამენტის შესასველებთან გააკეთონ ე.წ. სირცხვილის კორიდორები,  მაგრამ პოლიცია მათ ამაში ხელს უშლის.


სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია უკვე ორი კვირაა საპროტესტო აქციებს მართავს, რისი მიზეზიც გახდა “ქართული ოცნების” დაპირების შეუსრულებლობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ. შსს-მ ოპოზიციის აქცია უკვე ორჯერ დაშალა სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები პროტესტის შეწყვეტას ჯერ არ აპირებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი