ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურები გამარტივდება

17 მაისი, 2015 • • 1014
აფხაზეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურები გამარტივდება

“ასევე განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც აფხაზეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული პროცედურებით მიღებას უკავშირდება, იმ მოსახლეობისთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოასწრო მისი აღება. ეს უმეტესწილად უფროსი ასაკის მოქალაქეები არიან. ამის შესახებ თანხმობა მიღებულია და შესაბამისი განკარგულება ჩემი თანდასწრებითვე გაიცა”, – განუცხადა ხაჯიმბამ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე. 

 

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ბევრი ისეთი საკითხი განიხილეს, რომელიც მნიშვნელოვანია აფხაზეთისთვის – “საზღვრის საკითხებიდან დაწყებული აფხაზეთის უსაფრთხოების საკითხებით დამთავრებული”.  

 

“ჩვენ შეხვდით იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ აფხაზეთის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები. ეს არის აფხაზეთ-რუსეთის საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის გამარტივება, “ფსოუზე” გამტარუნარიანობის გაზრდა. ასეთი მზადყოფნა არსებობს. განვიხილეთ აფხაზეთის განვითარების სოციალურ-ეკონომიკური საკითხები. ასევე, საუბარში შევეხეთ სარკინიგზო კრედიტის თემას, ავიამიმოსვლის გახსნის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ბევრმა თემამ რუსეთის პრეზიდენტის მხარდაჭერა დაიმსახურა და ეჭვი არ მეპარება, რომ უახლოეს მომავალში გაგრძელდება ეს კონტაქტები და დაიწყება იმ ღონისძიებების რეალიზაცია, რომელიც ჩვენ განვიხილეთ”, – ამბობს ხაჯიმბა. 

 

მისივე თქმით, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს სარკინიგზო მიმოსვლის საკითხებიც, რამაც “ფსოუზე” გადატვირთულობის პრობლემა უნდა მოხსნას. 

 

გარდა ამისა, როგორც რაულ ხაჯიმბა ამბობს, პუტინთან შეხვედრის დროს ისაუბრეს სოფლის მეურნეობაზე, აფხაზეთში რუსული ინვესტიციების მოზიდვაზე, აფხაზეთში ოთხი ვარდნილი ჰესის მუშაობის პერსპექტივებზე, აფხაზეთის გაზიფიკაციის საკითხებსა და ფინანსურ სუბსიდიებზე. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   



მასალების გადაბეჭდვის წესი