ახალი ამბები

ივანიშვილი 20 ივნისზე: პარლამენტში რომ შესულიყვნენ, შიგვე ჩავიჭერდით ყველას

27 ნოემბერი, 2019 • 2022
ივანიშვილი 20 ივნისზე: პარლამენტში რომ შესულიყვნენ, შიგვე ჩავიჭერდით ყველას

ბიძინა ივანიშვილი “იმედთან” ინტერვიუში 20 ივნისის მოვლენების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის ლიდერები და აქციის მონაწილეები პარლამენტში შევიდოდნენ, იქვე “ჩაიჭერდნენ ყველას”.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ვარაუდით, ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში, ოპოზიციას შეიძლება მიეღწია მაქსიმუმ ვადამდელი არჩევნების დანიშვნისთვის, რომელშიც მისივე თქმით, დამარცხდებოდნენ:

“მე გუნდში მქონდა გარჩევა 20 ივნისის მოვლენების. იქ გამოთქვამდნენ ზოგიერთები, რომ შეიძლებოდა გაერღვიათ პოლიციის კორდონი, შეიძლებოდა ესენი [პარლამენტში] შესულიყვნენ და ასე შემდეგ. მაშინაც რომ შესულიყვნენ, უარესს მიიღებდნენ. რა თქმა უნდა, დაზარალდებოდა ქვეყანა და მათ დააზარალეს ქვეყანა გარკვეულწილად. ნახეთ ტურიზმი თუ ინვესტიციები. პოლიტიკური სტაბილურობა განსაზღვრავს ეკონომიკურს. შიგვე ჩავიჭერდით იმ პარლამენტში ყველას.

ვერ აცნობიერებენ, შევარდნაძის დროს ადარებენ. შევარდნაძე იყო ასაკში შესული, არ ჰყავდა გუნდი, დაღლილი იყო პოლიტიკისგან და ასე შემდეგ. ესენი მოვიდნენ ამ ფონზე. მართლაც გაყალბებული არჩევნების ეჭვი რაც იყო, საფუძვლიანი იყო და ამ ფონზე მოახერხეს, ის გუნდი მობილიზებული მოვიდა და გააკეთეს ის, რაც გააკეთეს – რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება.

ჩვენ დღეს გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი, მე მგონი, არც ლიდერად არ ვარ ცუდი, ყველანაირი რესურსი გაგვაჩნია მაგათზე მეტი. რომც მოეხერხებინათ და შესულიყვნენ პარლამენტში, უკეთეს შემთხვევაში მიიღებდნენ ვადამდელ არჩევნებს და წააგებდნენ პირწმინდად, მაგათ ხაზს გადაუსვამდა ქართული საზოგადოება. ჯერ ერთი- ვერ მოახერხეს, მომავალში კდიევ უფრო ვერ მოახერხებენ”, – ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი