ახალი ამბებისაზოგადოება

გააძვირებს თუ არა ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა მგზავრობას

27 ნოემბერი, 2019 • 3866
გააძვირებს თუ არა ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა მგზავრობას

თბილისის მერიას 2020 წლიდან ყვითელი მიკროავტობუსების რაოდენობის შემცირება და მათი ჩანაცვლება სურს.

ერთადერთი კომპანია, რომელსაც თბილისში მგზავრები მიკროავტობუსებით გადაჰყავს, აცხადებს, რომ საკუთარი ძალებით ახალი მიკროავტობუსების ყიდვას მგზავრობის ტარიფის გაძვირების გარეშე ვერ მოახერხებს. ამ დროს მერიაში აცხადებენ, რომ ტარიფის გაზრდას კატეგორიულად არ ეთანხმებიან.

რაზე შეთანხმდებიან მხარეები? განიხილება თუ არა დოტაცია – სახელმწიფოს ფულადი დახმარება ახალი მიკროავტობუსების შესასყიდად? განიხილება თუ არა კომპანიის ჩანაცვლება?

„საჭიროა გამართული მიკროავტობუსები“

თბილისის მერმა კახა კალაძემ 27 ნოემბერს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობის გამუდმებულ კითხვებსა და წუხილზე პასუხად საჭიროა, მიკროავტობუსების პარკი განახლდეს.

„მიკროავტობუსებს აქვს გამონაბოლქვი, ზოგს ძირი აქვს გავარდნილი და ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, მიუღებელია მათი ამ მდგომარეობაში ხილვა მაშინ, როდესაც ავტობუსების პარკის მთლიანად განახლება-ჩანაცვლება გვაქვს დაწყებული“, — თქვა კალაძემ.

იმავე სხდომაზე მან თავის მოადგილეს, ვიცემერ ირაკლი ხმალაძეს დაავალა, ორი კვირის განმავლობაში სატრანსპორტო კომპანიასთან მოლაპარაკებები გამართოს და შეუთანხმდეს, რათა ტრანსპორტის გამოცვლა უახლოეს მომავალში დაიწყოს.

ეს კერძო კომპანია არის „თბილისის მიკროავტობუსი“ — ერთადერთი კომპანია, რომელიც 2011 წლიდან მოყოლებული ამუშავებს დედაქალაქში მიკროავტობუსების სისტემას.

რატომ არ განუახლებიათ მიკროავტობუსები ამ დრომდე? კალაძის თანახმად, გარკვეული პერიოდი „საერთოდ უცნობი იყო, საჭირო იყო თუ არა საერთოდ მიკროავტობუსების არსებობა დედაქალაქში“, თუმცა ტრანსპორტის რეფორმის ფრანგულ კომპანია „სისტრას“ ანალიზით გამოიკვეთა, რომ „მიკროავტობუსების არსებობა ქალაქში [მაინც] მნიშვნელოვანია“.

რაოდენობა მცირდება?

როგორც მერია და კომპანია აცხადებენ, ამჟამად თბილისის ქუჩებში 1500 მიკროავტობუსი გადაადგილდება [ამასთან, კომპანიის თანახმად, მათ კიდევ 500 მანქანა ჰყავთ რეზერვში]. თუმცა, მერიის თანახმად, ეს რაოდენობა საჭირო აღარ იქნება.

„შეიძლება, [მიკროავტობუსები საჭირია] არა იმ რაოდენობით, რაც თავდაპირველად იყო, მაგრამ მათი ინტეგრირება მეტროსთან და ავტობუსებთან საჭიროა“, – თქვა კალაძემ.

„[სატრანსპორტო] რეფორმის შემდეგ, როდესაც სხვადასხვა ტრანსპორტი ბაზარს გაინაწილებს, შესაძლებელია, ამდენის საჭიროება აღარ იყოს და მიკროავტობუსების რაოდენობა ჩამოვიდეს დაახლოებით 1200-მდე, ან ცოტა უფრო ნაკლებამდე“, — განაცხადა ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ „ნეტგაზეთის“ კითხვის პასუხად.

მიკროავტობუსები სადგურის მოედანზე. 19.07.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

კალაძემ და ხმალაძემ განაცხადეს, რომ ახალი ავტობუსების შემოყვანის/ძველების ჩანაცვლების შემდეგ მიკროავტობუსების მგზავრების რაოდენობა შემცირდა. „ცხადია, ყველას აქვს სურვილი, განახლებული, მოწესრიგებული ავტობუსებით იმგზავროს“, – თქვა კალაძემ. ბოლო პერიოდში მგზავრების რაოდენობის შემცირებას „თბილისის მიკროავტობუსიც“ ადასტურებს .

ჟურნალისტების კითხვაზე, რა ბედი ელით მძღოლებს, როცა მიკროავტობუსების რიცხვი 300-ით შემცირდება, ირაკლი ხმალაძემ თქვა: „თქვენ კითხვებს მისვამთ ისეთ საკითხებზე, რომელზეც შეხვედრა უნდა გავმართო და ამის შემდეგ მეცოდინება პასუხები“…

„ტარიფი დაბალია“ – ამბობს კომპანია

როგორ შეხვდა კომპანია მერის ინიციატივას? დაიწყებს 2020 წლიდან მიკროავტობუსების პარკის განახლებას, როგორც ეს მერიაში სურთ? ამ ეტაპზე ბუნდოვანია, როგორ განვითარდება მოვლენები.

„თბილისის მიკროავტობუსების“ გენერალური დირექტორი დავით ასანიძე აცხადებს, რომ კომპანიის ზარალი ამ ეტაპზე 115 მილიონი ლარია, ისინი წაგებაზე მუშაობენ და 2011 წლიდან მოყოლებული უცვლელი ტარიფი აქვთ — 80 თეთრი;

ეს კი, მისივე თქმით, იმის ფონზე, რომ ლარის კურსი დაცემულია, „ყველაფრის ფასი თითქმის გაორმაგებული“, საწვავის ფასიც თითქმის ორჯერ გაზრდილი, მძღოლების ანაზღაურება კი- დაბალი (40 ლარი დღეში);

ასანიძის თანახმად, ამ მოცემულობიდან გამომდინარე, კომპანია მხოლოდ მგზავრობის ფასის გაზრდის შემთხვევაში „შეძლებს, რომ სრულად განაახლოს მიკროავტობუსების პარკი და მომსახურება იმ დონეზე აიყვანოს, რომ ქალაქში არსებულ ახალ ავტობუსებს არ ჩამორჩეს“.

„ის პრობლემებიც, რაც ზაფხულში კონდიცირებას, ჰიგიენას, სისუფთავეს, გამონაბოლქვს შეეხება, სრულად რომ დაიფაროს, ამის ერთადერთი გამოსავალი, ჩვენი ხედვით, სამწუხაროდ, არის ის, რომ ყველა ეს პრობლემა აისახოს მგზავრობის ფასში“, – განაცხადა დავით ასანიძემ.

მისი თქმითვე, განსაზღვრული ჰქონდათ, რომ თუკი დოლარის კურსი 10-20%-ზე მეტით არ გაიზრდებოდა, 2018 წელს სრულად განაახლებდნენ ავტოპარკს, თუმცა ეს ასე არ მოხდა და „იმის მიუხედავად, რომ კურსი რადიკალურად შეცვლილია, ეს ტარიფში არ ასახულა“, რადგან კომპანია „ყოველთვის გაგებით ეკიდებოდა იმ სოციალურ სიტუაციას, რაც ქვეყანასა და ქალაქშია“.

მან გაიხსენა, რომ 2011 წელს მიკროავტობუსების განახლებაზე 63 მილიონი აშშ დოლარი დახარჯეს, იმ დროს კი დოლარის კურსი 1.65 ლარი იყო, თუმცა აღარ დაუზუსტებია, რა თანხა არის საჭირო ახლა ავტოპარკის გასაახლებლად.

„არ მივიღებ ტარიფზე ზეწოლას“ – ვიცემერი

არადა, ის ერთადერთი საკითხი, რაზეც ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს, მგზავრობის ტარიფის შენარჩუნებაა.

„ერთადერთი პირობა, რასაც არ მივიღებ არანაირი მოლაპარაკების ეტაპზე, არის რაიმე ზეწოლა ტარიფზე“, — განუცხადა ხმალაძემ ჟურნალისტებს.

თავის მხრივ, კომპანიის დირექტორი დავით ასანიძე ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ მერიასთან ულტიმატუმის ენით არ საუბრობს და იმედი აქვს, რომ მხარეები ერთობლივად იპოვიან გამოსავალს:

„ჩვენ ულტიმატუმს კი არ ვაყენებთ, ჩვენ ასე ვხედავთ [რომ გამოსავალია ტარიფის გაზრდა]. მეტი არაფერი. ვისაუბრებთ, გადაწყვეტილებას მივიღებთ. ჩვენ სხვა გამოსავალი ვერ მოვნახეთ. თუ ვნახავთ ერთობლივად სხვა გამოსავალს, მაგას რა ჯობია“.

კითხვაზე, თვითონ რა პოზიცია აქვს, ასანიძე გვპასუხობს: „ძნელია თქმა… რაღაცა რომ გითხრათ, ასე ვაპირებ-მეთქი, ეს იქნება წინასწარ განსაზღვრული პოზიცია და ეგრე არ არის. ჩვენ ვეძებთ გამოსავალს. რახან თვითონ თვლიან, რომ ეს არ უნდა აისახოს ტარიფზე, ალბათ, არ აისახება ტარიფზე, მე მაგაში ეჭვი არ მეპარება… არის სხვა გამოსავლებიც“.

დოტაცია?

მას თვითონ აღარ დაუსახელებია სხვა გამოსავალი, თუმცა „ნეტგაზეთის“ კითხვაზე, განიხილავს თუ არა სუბსიდიას/დოტაციას გამოსავლად, გვიპასუხა:

„ყველაფერი განიხილება… ამ სიტუაციიდან გამოსავალი რაში მოიძებნება, როგორც ბატონმა ირაკლიმ თქვა, ოღონდ ტარიფზე არ აისახოს და მძიმე ტვირთად არ დააწვეს და სხვა გამოსავალი თუ მოიძებნება, ყველაფერზე თანახმანი ვართ“.

ეს კითხვა – განიხილება თუ არა დოტაცია, ანუ სახელმწიფო ფულის გამოყოფა კომპანიისთვის მიკროავტობუსების შესასყიდად, ირაკლი ხმალაძეს „იმედის“ გადაცემაშიც დაუსვეს, რის პასუხადაც მან განაცხადა:

„კონკრეტული მიზნიდან უნდა გამოვიდეთ. მთავარი მიზანია, რომ [ყვითელი მიკროავტობუსები] შეიცვალოს და ამას მოჰყვება პირობა, რომ ტარიფი არ გამოვიდეს“. მას ცალსახად არ გაუცია პასუხი, გამორიცხავს თუ არა დოტაციას.

ხმალაძემ ასევე განაცხადა: „ჯერჯერობით მე არ მითქვამს, რომ არ შეიძლება ტარიფი გაიზარდოს, მე ვთქვი, რომ ჩვენთვის მიუღებელია ტარიფის ზრდა“. მას აღარ დაუზუსტებია, რა შემთხვევაში შეიძლება ტარიფი გაიზარდოს.

საბოლოოდ ხმალაძემ კვლავ თქვა: „ჩვენ რომ გვქონდეს უფრო ძლიერი ეკონომიკა, სხვანაირი პოზიცია გვექნებოდა და სხვანაირად შეხვდებოდა საზოგადოება. მაგრამ დღეს მიგვაჩნია, რომ ტარიფის გაზრდა არის არასწორი ნაბიჯი, მით უმეტეს, როცა ვცდილობთ, საზოაგადოება კერძო მანქანებიდან საზტრანსპორტზე გადავიყვანოთ. როგორ მოხდება ეს, თუ ტარიფები გავაძვირეთ?“.

სხვა კომპანია?

მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის შემდეგ ხმალაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, განიხილება თუ არა  „თბილისის მიკროავტობუსის“ სხვა კომპანიით ჩანაცვლება, რაზეც ხმალაძემ უპასუხა:

„არცერთ ვარიანტში სხვა კომპანია არ განიხილება, რადგან ამ კომპანიას აქვს 2011 წელს გაცემული ლიცენზია 2030 წლამდე [კომპანიის თანახმად, 2031 წლამდე], ასე რომ, კომპანიის ჩანაცვლებას არც ვფიქრობთ და არც გვყავს ასეთი კომპანია, არც რესურსი გვაქვს და არც საჭიროება დგას“.

იმავე საღამოს „იმედის“ ეთერში კი განაცხადა: „სითი პარკიდან რომ დავიწყო, რამდენი მოულოდნელი რეფორმა და შედეგი დადო მერიამ, არც იქ იყო მარტივი მოცემულობა. გასული წლები გაიხსენეთ. იყო განცხადებები, რომ სითი პარკის ხელშეკრულება ვერ გაწყდებოდა. მოვედით ჩვენ და ეს მოვახერხეთ [სითი პარკს პარკირების ზედამხედველობის უფლება ჩამოართვეს]“…

ასევე, თქვა: „ჩემთვის ყველაზე მტკივნეული არ არის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, თუმცა მნიშვნელოვანია… უნდა გამოვიდე იმ მდგომარეობიდან, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ მიკროავტობუსების ჩანაცვლება დაიწყოს და ამას აუცილებლად გავაკეთებ“.

პირობა

ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ კონკრეტული გეგმა უკვე აქვს და დარწმუნებულია, რომ მიზანს მიაღწევს, თუმცა ამ გეგმას ჯერ არ ამხელს:

„რთულია, მაგრამ, გაგიმხელთ და მაქვს კონკრეტული გეგმა, მათ შევთავაზებ ისეთ გეგმას, რაზეც უარს ვერ იტყვიან… ნუ შეეცდებით, გამომტეხოთ ამ გეგმაში, რადგან მოლაპარაკებები მიმყავს კომპანიასთან. პირობას გაძლევთ, რომ საბოლოო ჯამში, ორი კვირისთავზე გავაკეთებთ განცხადებას, რომ თბილისში დაიწყება მიკროავტობუსების განახლება“, — თქვა მან „იმედის“ ეთერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი