ახალი ამბები

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე ვაჩნაძის ქუჩაზე აღნიშნეს

17 მაისი, 2015 • 1061
ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე ვაჩნაძის ქუჩაზე აღნიშნეს

აქციაზე სულ 15-მდე ადამიანი მონაწილეობდა. სიმბოლური აქცია 15 წუთს გაგრძელდა.  აქციის მონაწილეებს პოლიცია იცავდა. 

 

“დღევანდელ შეკრებას ვაჩნაძის ქუჩაზე სიმბოლური დატვირთვა აქვს, რომ ვაჩნაძის ქუჩა 2013 წელს გახდა ის ადგილი, სადაც ყველაზე დაუცველები აღმოჩნდნენ ლგბტ თემის წევრები. ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს ვაჩნაძის ქუჩაზე გამართული აქციით კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ შკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კონსიტუციით გარანტირებული უფლებით ყოველ ადამიანს უნდა შეეძლოს სარგებლობა და თითოეული ის აქტივისტი, რომელიც აქამდე კამპანიას შემოუერთდა, სიმბოლურად დღეს აქ, ჩვენს გვერდით დგას”, – აცხადებს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი. 

 

2013 წლის 17 მაისის  სწორედ ამ  ქუჩაზე  დაარბიეს აქციის მონაწილეების ნაწილი, რომლებიც ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშნვას ცდილობდნენ.  მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წარმომადგენლებმა ალყა შეამორტეს სამარშრუტო ტაქსს, რომელშიც აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ და თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციას უერთდებოდნენ. აქციის მონაწილეების ნაწილის ტერიტორიიდან გაყვანა  და მათი გადარჩენა პოლიციის მეშვეობით გახდა შესაძლებელი.   ამ საქმეზე ბრალდებული სასულიერო პირი მღვდელი ანთიმოზი (თამაზ ბიჩინაშვილი)  მოსამართლემ უდანაშაულოდ სცნო.

2015 წლის 17 მაისს ვაჩნაძის ქუჩაზე გამართული აქცია ნაწილია სოციალური კამპანიისა, რომელიც ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა 10 მაისს დაიწყო  სახელწოდებით “ეს ქუჩა დაკავებულია,  ჰომოფობიის ადგილი აქ არ არის”. 

“ვაჩნაძის ქუჩა” – სწორედ ასე ეწოდება ლია ჯაყელის დოკუმენტურ ფილმს, რომელიც 2013 წლის აქციას ეხება და რომლის ჩვენებაც ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა  “სტუდიომობილი – აქცენტი მოძრაობაზე” ( StudioMobile – Accent on Action ) ერთად სწორედ კამპანიის ფარგლებში გამართა. 

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავენ (IDAHO). 1990 წლის ამ დღეს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო.  საქართველოში ამ დღის აღნიშვნას  2012 წლიდან ცდილობდნენ, თუმცა მშვიდობიანად შეკრების  შესაძლებლობა არ ჰქონდათ მართლმადიდებელი ეკლესიის პროტესტის გამო. 

 

640

მასალების გადაბეჭდვის წესი