ახალი ამბები

“მთავრობა ჩემზე ზეწოლას ახდენს” – გირჩის აქტივისტი

28 ნოემბერი, 2019 • 924
“მთავრობა ჩემზე ზეწოლას ახდენს” – გირჩის აქტივისტი

პოლიტიკური პარტია “გირჩის” აქტივისტის, ანდრია ფენის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წესით საქმის წარმოება დაიწყო. აქტივისტის თქმით, მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოებით მთავრობა მასზე ზეწოლას ახდენს: “აბსურდული ბრალდებებით ცდილობენ ჩემზე ზეწოლას”, – ამბობს ფენი.

ფენის განმარტებით, პოლიციამ  27 სექტემბერს ქუჩაში დგომისას მას შემდეგ გააჩერა, რაც მისი “გირჩის” ლოგოიანი ჩანთა შენიშნეს:

“მეკეთა ჩანთა გირჩის სტიკერით, როდესაც ოთხმა პოლიციელმა შემამჩნია, მოვიდნენ და მკითხეს, “გირჩელი” თუ ვიყავი… ჩემი თანხმობის შემდეგ მითხრეს, რომ თუ გირჩელი ვიყავი, მაშინ უნდა გავეჩხრიკე, ჯიბეში რკინის კონტეინერი მედო, სადაც 20-30 კანაფის თესლი მეყარა. მე თვითონ გავუწოდე, რადგან კანაფის თესლი კანონსაწინააღმდეგო არ არის”, – ჰყვება ფენი ნეტგაზეთთან საუბრისას.

ფენის განმარტებით, მის კონტეინერს და კანაფის თესლებს პოლიციამ სურათები გადაუღო, შემდეგ თავად ფენი განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც კანაფის თესლები და კონტეინერი ჩამოართვეს. ამის შემდეგ კი ამ საქმესთან დაკავშირებით თითქმის ორი თვე, 20 ნოემბრამდე არავინ დაჰკავშირებია.

ფენი საგამოძიებო უწყების გააქტიურებას უკავშირებს 18 ნოემბერს დაკავებული აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლოსთან მის მიერ მოსამართლე ვალერიანე გაფრინდაშვილსა და ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფას:

“კადრებში კარგად ვჩანდი, სხვა აქტივისტებთან ერთად როგორ ვაგინებდი მოსამართლეს და ბიძინას და მეორე დილას დამხვდა გამომძიებლის ზარი… მითხრა, რომ განყოფილებაში ვიყავი დაბარებული”, – ამბობს ფენი.

“გირჩის” აქტივისტის განმარტებით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ კანაფის თესლებში აღმოჩნდა 0,44 ოდენობის THC (ტეტრაჰიდროკანაბინოლი) ნივთიერება, რომელსაც, მისი მტკიცებით, კანაფის თესლი საერთოდ არ შეიცავს. ფენი ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის ამ დრომდე უცნობია, კონკრეტულად რას ედავება პოლიცია.

შსს-ს მიერ ნეტგაზეთისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ფენის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მოხმარება ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 1000 ლარის ოდენობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი