ახალი ამბები

ბერუჩაშვილი: ქართველებისთვის ვიზალიბერალიზაცია არის ხელშესახები ჯილდო რეფორმებისთვის

16 მაისი, 2015 • 1156
ბერუჩაშვილი: ქართველებისთვის ვიზალიბერალიზაცია არის ხელშესახები ჯილდო რეფორმებისთვის

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი რიგაში 21–22 მაისს გაიმართება და მას 34 ქვეყნის ლიდერი დაესწრება.

 

“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სამიტზე მკაფიოდ დაფიქსირდეს მზაობა ჩვენი რეგიონის ევროპული მომავლის მიმართ და ამ ხედვის რეალიზაციისთვის კონკრეტული ზომების მხარდაჭერა. საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით მიღწეული პროგრესი ამ სურათის მნიშვნელოვან ნაწილად იქცევა,”– წერს ბერუჩაშვილი. 

 

ბერუჩაშვილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, თუ რა პოზიციას დააფიქსირებს ევროკავშირი რიგაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.

 

“ჩვენ უდიდესი ძალისხმევა გავწიეთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ყველა მოთხოვნის შესასრულებლად, რაც განვითარების საერთო პროგრამის ნაწილია. ჩვენი მიზანი იყო დაგვენახებინა ხალხისთვის, რომ ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების კუთხით ჩვენ მიერ გაწეულ ძალისხმევას ხელშესახები სარგებლის მოტანა შეუძლია. დღეს, როდესაც ტექნიკური მოთხოვნები უკვე შესრულებულია, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლებას,”– წერს ბერუჩაშვილი.

 

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭება ნიშნავს უფრო მეტ ტურიზმს, კულტურულ და სტუდენტურ გაცვლებს, სამოქალაქო საზოგადოებებს შორის პარტნიორობის განვითარებას. 

 

ბერუჩაშვილი ამბობს, რომ ამით ევროკავშირი აჩვენებს საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებთ, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს დამსახურებაზე დაფუძნებულ მიდგომას და ასრულებს თავის დაპირებებს.

 

“ქართველებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია  წარმოადგენს იმ ხელშესახებ ჯილდოს რეფორმებისთვის, რომელსაც ისინი ასე დიდხანს ელოდნენ და ახალ ბიძგს მისცემს შემდგომ ძალისხმევას. ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ის იქნება ერთგვარი სიმბოლო იმისა, თუ რა სარგებლის მიღება შეიძლება საქართველოს სახელმწიფოსთან რეინტეგრაციით, ხოლო აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებისთვის ის რეფორმების ნამდვილ სტიმულად იქცევა,”– წერს ბერუჩაშვილი.

 

ფოტო – საგარეო საქმეთა სამინისტრო
ფოტო – საგარეო საქმეთა სამინისტრო

ბერუჩაშვილი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში, ევროკავშირელი პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველომ უდიდესი ნაბიჯები გადადგა ევროპულ და მსოფლიო სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით. 

 

ბერუჩაშვილი ამბობს, რომ რეგიონს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი მშვიდობის, სტაბილურობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის მისაღწევად. საქართველოში კი კარგად აცნობიერებენ როგორც შიდა, ასევე გარე გამოწვევებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას. ასევე, მინისტრი გამოთქვამს იმედს, რომ ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერას.

მასალების გადაბეჭდვის წესი