ახალი ამბები

მოქმედი მოსამართლე სისტემაში არსებულ ნეპოტიზმსა და “ჩაწყობებზე” საუბრობს

27 ნოემბერი, 2019 • 3755
მოქმედი მოსამართლე სისტემაში არსებულ ნეპოტიზმსა და “ჩაწყობებზე” საუბრობს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე სასამართლო სისტემაში არსებულ ნეპოტიზმსა და “ჩაწყობებზე” საუბრობს.

ბესარიონ ალავიძემ 25 ნოემბერს სოციალურ ქსელში გამოაქვყენა პოსტი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელების ჩარიცხვის პროცედურასთან დაკავშირებით.

“დღეს უიმედოდ, მაგრამ მაინც ველოდებოდი ერთ-ერთი გამორჩეული და ნიჭიერი ახალგაზრდის, იშვიათი გამოცდილების მქონე და წარმატებული იურისტის კონკურსის შედეგებს. თუმცა, სამწუხაროდ, ისევ იზეიმა საქართველში კარგად აპრობირებულმა ნეპოტიზმმა, ფამილარობამ, პირადმა კონტაქტებმა, ჩაწყობამ, მომავალი თაობებისთვის უიმედობის განცდის გაჩენამ, ანუ ისევ არაფერი გვეშველება… სამარცხვინოა ეს ყველაფერი!”, – წერს ალავიძე.

ბესარიონ ალავიძე 2011 წლიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მანამდე კი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე იყო.

ბესარიონ ალავიძეს დღესვე, 27 ნოემბერს, ასევე საჯარო პოსტით გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი და თქვა, რომ ალავიძის უკმაყოფილება გამოწვეულია იმით, რომ მისივე პირადი თანაშემწე არ ჩაირიცხა მსმენელად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

“ჩემმა კოლეგამ – ბესარიონ ალავიძემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც 25 ნოემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიმართ გამოიყენა ეპითეტები: ფამილიარობა, ნეპოტიზმი, სამარცხვინო. მე მას შევახსენებ, რომ ჩვენ, მოქმედი მოსამართლეები, შეზღუდულნი ვართ მაღალი ეთიკური სტანდარტებით. ასევე შევახსენებ, რომ ეს იყო კონკურსი და რომ კონკურსში ყველა გამარჯვებული ვერ იქნება. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობდნენ სასამართლო სისტემის სხვა, არანაკლებ კვალიფიციური მოხელენიც, რომელნიც ასევე ვერ ჩაირიცხნენ მსმენელებად. ეს არ ყოფილა ბოლო კონკურსი და მომავალში ყველას ისევ მიეცემა შანსი”, – წერს გვრიტიშვილი.

ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კოლეგებს მოუწოდებს, “ფრთხილად მოეკიდონ მსგავსი საკითხების შეფასებას”.

გვრიტიშვილის აღნიშნულ მოწოდებას “საშიშს” უწოდებს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.

“ბესო ალავიძემ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში პოსტი, სადაც ღიად გამოხატა უკმაყოფილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებულ ნეპოტიზმთან დაკავშირებით. კერძოდ, ეს ეხება იუსტიციის სკოლის მსმენელების შერჩევას. დღეს, როცა დაგვიანებით გაიგო ამ პოსტის შესახებ დიმიტრი გვრიტიშვილმა, ღიად დაუპირისპირდა ამ მოსამართლეს და ამბობს, რომ მან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. როდესაც გავლენიანი, ე.წ. კლანის ერთ-ერთი ლიდერი გვრიტიშვილი ჩვეულებრივ მოსამართლეს, რომელიც საზოგადოებას არ ახსოვს აქტიურობით სხვა თემებზე, მოუწოდებს სიფრთხილისკენ, ვფიქრობ, რომ არის საშიში. ასეთ დროს მოსამართლეს სჭირდება გვერდში დგომა, რადგან არა მგონია, კლანმა “გაატაროს” ეს პოსტი”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ჯანეზაშვილმა.

მან მოუწოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ღიად გამოხატონ მხარდაჭერა ბესარიონ ალავიძის მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი