ახალი ამბები

არასამთავრობოები: გვსურს, 2015 წლის 17 მაისს ლგბტ ადამიანთა მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ

15 მაისი, 2015 •
არასამთავრობოები: გვსურს, 2015 წლის 17 მაისს ლგბტ ადამიანთა მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ

“საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და აქტივისტებს გვსურს, 2015 წლის 17 მაისს ლგბტ ადამიანთა მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ. ჩვენი მიზანია გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვნების თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. გვსურს, საზოგადოებასა და ხელისუფლებას 2012 წლის 17 მაისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გავაცნოთ”, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

 

2012 წლის 17 მაისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული  სასამართლო აცხადებს: “სხვადასხვა სექსუალური უმცირესობის ფუნდამენტურ უფლებათა შესახებ კამპანიის წარმოებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით კონვენცია გამოხატვის საჯარო ფორმებს იცავს, მათ შორის, მშვიდობიანი შეკრების გამართვის უფლებასა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას”.

 

ლგბტ ადამიანებს 2012 და 2013 წლებში საქართველოში არ მიეცათ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, 2014 წელს კი  მაღალი რისკების გამო მათ არ ჩაატარეს საჯარო აქტივობა.

 

“წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, წელს არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაიცვას ადამიანების უსაფრთხოება და მომავალში უფრო ეფექტურად აღკვეთოს ნებისმიერი სახის ძალადობა და დისკრიმინაცია. ასევე მნიშვნელოვანია, ყველამ გაიაზროს ის პირადი პასუხისმგებლობა, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერი აქტივობის ორგანიზებასთან.

 

იმედს გამოვთქვამთ, რომ 2015 წელს მაინც, საქართველოს ხელისუფლება შეძლებს ეფექტიანად დაიცვას საკუთარი მოქალაქეების გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება მიუხედავად მისი სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა”, – აცხადებენ არასამთავრობოები.

 

რეგისტრაციის ფორმის შევსებით, სოლიდარობის გამოხატვა ყველას შეუძლია ამ ბმულზე.

არასამთავრობოები
არასამთავრობოები

მასალების გადაბეჭდვის წესი