კვორუმისთვის საჭირო 76 დეპუტატის ნაცვლად რეგისტრაცია პარლამენტის 66-მა წევრმა, ხოლო 15 წუთის შემდეგ, განმეორებითი რეგისტრაცია 67-მა დეპუტატმა გაიარა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განმარტებით, რეგისტრაციას არ გადიან ოპოზიციის წარმომადგენლები, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები ქუთაისში არ იმყოფებიან, უმრავლესობის წევრთა ნაწილი-თბილისში, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ ფორუმში იღებს მონაწილეობას, ნაწილი კი საზღვარგარეთ, მივლინებაში იმყოფება.
„პარლამენტში იმყოფება მეტი რაოდენობის დეპუტატი, მაგრამ მათი ნაწილი და, როგორც ამონაბეჭდი მასალიდან ირკვევა, ოპოზიციის წარმომადგენლები, რეგისტრაციას არ გადიან. ამასობაში ვიცი, რომ თავისუფალი დემოკრატები არ იმყოფებიან პარლამენტში. როგორც მაცნობეს, ისინი სასამართლო სხდომას ესწრებიან. უმრავლესობის მხრიდან რამდენიმე პარლამენტის წევრი არის უცხოეთში მივლინებაში, საპარლამენტო ასამბლეებზე, არიან RBRD-ის ღონისძიებაზე. ასე რომ, შემომატებას ჩვენ დღეს არ ველით. აქედან გამომდინარე, მე ვიღებ რეგლამენტის 133-ე მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას და დღეს ხელახალი განმეორებითი კენჭისყრები აღარ ჩატარდება. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს ჩვენ დაგეგმილი საკითხების განხილვას ვერ შევძლებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, დიდი ალბათობით, უახლოეს ხანებში უნდა ვიფიქროთ საგანგებო ღონისძიებებზე, მათ შორის, რიგგარეშე სხდომაზე. ამის თაობაზე ჩვენ უნდა მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება არასასესიო კვირების განმავლობაში და, რა თქმა უნდა, ყველა საკითხს ჩვენ განვიხილავთ და მივიღებთ. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში, ჩვენზეა, უმრავლესობაზეა და ეს უნდა გავაკეთოთ. რაც შეეხება ოპოზიციას, ის თავად განუმარტავს ამომრჩეველს თავისი გადაწყვეტილების მიზეზებს და მიზნებს“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
“უმრავლესობის წევრები, როგორც წესი, არ დადიან ხოლმე პარლამენტში და აცდენენ ხოლმე. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ მეც და ჩემი კოლეგებიც ვიყავით პარლამენტში, არ გავიარეთ რეგისტრაცია და მივმართეთ პოლიტიკურ ბოიკოტს, რადგან საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს მთავრობა და ეს უმრავლესობა არის სრულიად უუნარო,” – ასე ახსნა უმცირესობის გადაწყვეტილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა სერგო რატიანმა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის პლენარული სხდომა უფლებამოსილია, თუ მას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა ესწრება.
კვორუმის გამო პლენარული სხდომა პარლამენტში რამდენიმე დღის წინაც ჩაიშალა.





