ახალი ამბები

სახლი რომ იწვოდეს, ენმ-ს მიწოდებულ წყალს არ გამოიყენებს? – ბურჯანაძე გოგიჩაიშვილზე

26 ნოემბერი, 2019 • 1616
სახლი რომ იწვოდეს, ენმ-ს მიწოდებულ წყალს არ გამოიყენებს? – ბურჯანაძე გოგიჩაიშვილზე

ნინო ბურჯანაძე დამოუკიდებელ პარლამენტარ ლევან გოგიჩაიშვილს მიმართავს და ეუბნება, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ სხვა პარტიებიც დგანან და „ახლა არ არის განსხვავებული მოსაზრებების გაღრმავების დრო ოპოზიციაში“.

„მინდა ლევანს ვკითხო: სახლი რომ იწვებოდეს და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წყალი მიაწოდოს, არ გამოიყენებს? ან ბავშვი რომ ცუდად იყოს და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამალი მიიტანოს“, — თქვა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად ტვ პირველის ეთერში.

ბურჯანაძემ განაცხადა: „არ შეიძლება ასე. მე მახსოვს 26 მაისი, როდესაც „ბურჯანაძე დგას ქუჩაში და არ დავდგები მის გვერდითო“, ასეთი პოზიციის გამო არ გამოვიდნენ ადამიანები ქუჩაში, რომლებიც სააკაშვილისადმი ძალიან ნეგატიურად იყვნენ განწყობილი. სწორედ ამან მოახერხებინა სააკაშვილს მიტინგის დარბევა და შემდეგ 1 წლით ძალაუფლების გახანგრძილება“.

ლევან გოგიჩაიშვილმა, რომელიც დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომას ესწრება, მანამდე ტვ პირველთან საუბარში განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ხედავს „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებულ მიტინგს, რომლის გზასაც, — პარლამენტის პიკეტირებას, — არ ეთანხმება.

შესაბამისად, ის აცხადებს, რომ არც „ქართული ოცნების“ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით არ აპირებს მუშაობის გაგრძელებას.

„ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებულ მიტინგს… გასაგებია, რომ [იქ მყოფ სხვა] ადამიანებსაც გააჩნიათ [თავიანთი დღის წესრიგი] და ჩვენ არ ვიჭრებით არანაირ შეფასებაში. მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, ნებისმიერ ფასად დაბრუნდეს ხელისუფლებაში, „ქართულ ოცნებას“ კი უნდა, ყველა ერთად გააერთიანოს და დაუძახოს „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის მათი დღის წესრიგი. შესაბამისად, ვეცდებით, ამოვვარდეთ მათი დღის წესრიგიდან და ამოვვარდეთ იმ კონიუნქტურიდან“…

შესაბამისად, გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ პლენარულ სხდომაზე დასწრება სწორია: „და სწორია ყველაზე მთავარი გზავნილის გაჟღერება: საზოგადოება დაიხუთა უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მიერ პოლარიზებული პოლიტიკური სივრცით“.

გოგიჩაიშვილმა ამ პარტიებს უწოდა „ორი სამარცხვინო ორგანიზაცია, რომელიც არის აბსოლუტურად დაცლილი ყოველგვარი ზნეობრივი კომპონენტისგან, მორალისგან და იბრძვის მშრალი ძალაუფლებისთვის“.

დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, მისთვის ოპოზიცია არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ამბობს, რომ არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც „ქართული ოცნების“ დღის წესრიგით არ აპირებს პარლამენტში მუშაობას: „დღეს მთავარი დღის წესრიგი არის მაქსიმალური მცდელობა, რომ პოლიტიკური სივრცე გავწმინდოთ ამ ორი მახინჯი პოლიტიკური სუბიექტისაგან. ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ ეს ყველაფერი არის შესრულებადი სწორი გზავნილით და საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციით“.

„ჩვენ თავიდანვე ვეუბნებოდით, რომ არ არის სწორი ის ფორმა, რასაც მიმართავს „ნაციონალური მოძრაობა“, არ გვაინტერესებს, რას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“, არ მაინტერესებს, რას აპირებს გიგა ბოკერია, საერთოდ არ მაინტერესებს, რა ფორმებით გამოხატავენ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილს“, – ამბობს გოგიჩაიშვილი…


26 ნოემბერს, დილის 5 საათისთვის პოლიციამ პარლამენტთან აქცია ისევ დაშალა წყლის ჭავლის გამოყენებით. შსს-ს ცნობით, 28 ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის- ერთი ჟურნალისტი. ოპოზიცია საპროტესტო აქციას აგრძელებს და ცდილობს, ხელი შეუშალოს დღეს დაგეგმილი პლენარული სესიის გამართვას. თუმცა პლენარული სესია მაინც დაიწყო.

2019 წლის ნოემბერში საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი „ქართული ოცნების“ დაპირების შეუსრულებლობა გახდა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ეს კანონპროპროექტი პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო.

ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით ითხოვს. ხელისუფლება ამბობს, რომ პროტესტის მიუხედავად, ისინი დათმობას და სხვა ცვლილებას საარჩევნო სისტემაში არ გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი