ახალი ამბები

აბაშიძე – კარასინის შეხვედრების ფორმატი, სავარაუდოდ, გაფართოვდება

14 მაისი, 2015 • • 2634
აბაშიძე – კარასინის შეხვედრების ფორმატი, სავარაუდოდ, გაფართოვდება

“ეს ლოგიკური იქნება, რადგან ჩვენ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ”, – ამბობს აბაშიძე ნეტგაზეთთან საუბარში.

 

კითხვაზე, ვისი ინიციატივაა ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლის ჩართვა ამ შეხვედრებში, აბაშიძე არ პასუხობს – “ლოგიკური იქნება ეს”.

 

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე შერჩეული კანდიდატი, ვინც ამ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს, ხელისუფლებას არ ჰყავს, თუმცა მორიგ შეხვედრამდე პრაღაში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს.  

 

კითხვაზე, იგეგმება თუ არა მხარეების მიერ ეკონომიკის სფეროში კონკრეტული ახალი საკითხების განხილვა, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ეკონომიკის სფერო ძალიან დიდია და მათ შორისაა ექსპორტის საკითხები, სხვა ტექნიკური, სატრანსპორტო-საკომუნიკაციო საკითხები.


აბაშიძის განმარტებითვე, ქართული მხარე ეკონომიკურის გარდა ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებასაც ცდილობს.

 

“შეხვედრიდან შეხვედრამდე ბევრი სხვადასხვა სახის, საშუალო დონის თემები გროვდება ხოლმე. მათ შორის ჰუმანიტარული საკითხები, მაგალითად, რამდენიმე ჩვენი თანამემამულის გათავისუფლებას ვცდილობთ, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის ფედერაციაში სასჯელს იხდიან. შარშან ასეთი სამი მოქალაქე ჩამოვიყვანეთ საქართველოში. გვინდა ამ საკითხზე მუშაობა გავაგრძელოთ და დავხუროთ ეს საკითხი”.

 

შეხვედრების ფორმატის ფარგლებში საქართველოს და რუსეთის უმაღლესი პირების შეხვედრის მომზადების საკითხს კი ზურაბ აბაშიძე უარყოფს. 

 

“ადრეც გავაკეთეთ საჯაროდ განცადები მოსკოვშიც და თბილისშიც, რომ ადრე თუ გვიან ასეთი შეხვდრა უდნა ჩატარდეს. ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ თუ ჩაატრდება ასეთი შეხვედრა, უნდა განხილული იყოს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების საკითხები. შეხვედრა შეხვედრისთვის მიზანშეწონილი არ არის, მას მომზადება სჭირდება. გიდასტურებთ, რომ ამ მხრივ რაიმე მოსამზადებელი სამუშაოები არ მიმდინარეობს. მით უმეტეს, მხოლოდ ამ ფორმატში ასეთი შეხვედრა ვერ მომზადდება”, – აცხადებს აბაშიძე.

 

რია-ნოვოსტის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და აბაშიძე-კარასინის შეხვედრების მონაწილემ რუსეთის მხრიდან, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთისა და საქართველოს ხელმძღვანელობებს შორის უმაღლესი დონის კონტაქტების პრესპექტივა ისევ რჩება, – “პერსპექტივა ყოველთვის არსებობს, მაგრამ იმისთვის, რომ პერსპექტივა რეალობად იქცეს, სამუშაოა საჭირო. ჩვენ კვლავინდებულად მივიჩნევთ, რომ მაღალი და, მით უმეტეს, უმაღლესი დონის კონტაქტები კეთილსინდისიერად უნდა მომზადდეს. რადგან მოუმზადებელ შეხვედრებს მნიშვნელოვანი შედეგები ყოველთვის არ მოაქვს. ვფიქრობ, ჩვენს ქართველი პარტნიორებს ეს კარგად ესმით. სწორედ, მაღალი დონის შეხვედრებისთვის აუცილებელი ნიადაგის მოსამზადებლად ვმუშაობთ მე და აბაშიძე ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობის დავალებით”.

 

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის ივანისის შუა რიცხვებში იგეგმება. 


საქართველომ რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძე დაინიშნა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან ზურაბ აბაშიძე ევროპის სხვადასხვა ქალაქში შეხვედრებს მართავდა. მთავრობის განცხადებით, ეს ფორმატი ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას ითვალისწინებს.


ხელისუფლების ოპონენტები აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას ითხოვენ. მათ მიაჩნიათ, რომ აღნიშნული შეხვედრები საქართველოსთვის არაფრის მომცემია.


საპარლამენტო უმცირესობამ აბაშიძე -კარასინის არაფორმალური დიალოგი კითხვის ქვეშ მას შემდეგ დააყენა, რაც რუსეთის მიერ მომზადებული რუსეთ-აფხაზეთის მოკავშირეობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გამოქვეყნდა. თუმცა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომაე და შეხვედრის მონაწილე, ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. 


ამ შეხვედრების გაუქმების მოთხოვნით მიმდინარე წლის მარტში აქციაც გაიმართა

მასალების გადაბეჭდვის წესი