ახალი ამბები

დაიძახეს “ბოქ-ლომებმა” – კახაძემ აქციების პარალელურად ლექსი დაწერა

25 ნოემბერი, 2019 • 1657
დაიძახეს “ბოქ-ლომებმა” – კახაძემ აქციების პარალელურად ლექსი დაწერა

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან“ პარლამენტთან დაგეგმილი საპროტესტო აქციების პარალელურად ლექსს აქვეყნებს.

ლექსში კახაძე ეხმაურება ოპოზიციის პროტესტსაც, რომელთა ნაწილმა ბოქლომები დაადო სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის, პროკურატურას, სუს-ს და მთავრობის ადმინისტრაციას.

 

«დაიძახეს «ბოქ- ლომებმა»:
არსად დაგვრჩეს კარი ღია»!
– ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანას
ნეტა ვის რა წაუღია?
სხვის ნაოფლარს ვინაწილებთ,
უმადურნი, ჯიბე ღია,
მიკროფონით სარგებლობას
ლამობს ბრიყვი და თავღია.
ენა ტვინის სათქმელს ბლოკავს,
საიდულმოს ამხელს «ღია«,
შური ბოღმის ნარჩენს ლოკავს,
გული დამშრალ ტბორში გდია.
მტარვალივით ვძიძგნით მამულს,
ანბანიდან ხმოვნებს ჰყრიან,
ლანძღვას ვისმენთ ერთ-ხმად გაბმულს,
დღეს ავყიას «გმირი» ჰქვია.
დღეს წინაპარის საფლავს ვკორტნით,
სხვის საჭმელში წკვარამს ჰყრიან,
ვხარობთ გულში ტყვიის მორტყმით,
სხვის დათესილს სხვანი მკიან.
სისხლისღვრისკენ გვიბიძგებენ,
მტრები დენთის კასრებს ხსნიან,
გაფრთხილებად ჩამითვალეთ-
უ ც ო დ ვ ე ლ ნ ი დაგვიხსნიან!!!

პარლამენტთან და რესპუბლიკის მოედანთან 19:00 საათიდან საპროტესო აქცია მიმდინარეობს. აქციას უერთდება გაერთიანებული ოპოზიცია. დემონსტრაციის მთავარი მოთხოვნა კი ვადამდელი პროპორციული არჩევნებია. ამ მიზნით ოპოზიციის წევრბმა კანონპროექტი შეიმუშავეს, რომელიც გერმანულ მოდელს ეფუძნება.

“ამ მოდელით, დიახაც, პროპორციულად ნაწილდება ხმები არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის. ამასთან, შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემა, როგორც კონსტიტუცია მოითხოვს, მაგრამ იქნება მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები – 6,7 ან 8- მანდატიანი მაჟორიტარული ოლქები. თითოეულ ამომრჩეველს ექნება ერთი ხმის უფლება და არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნება შესაძლებლობა, მიიტაცოს ხელისუფლება”, – განაცხადა “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, კანონპროექტი საკონსტიტუციო ცვლილებებს არ საჭიროებს და მხოლოდ 76 დეპუტატის მხარდაჭერით მიიღება.

პარალელურად, “ქართული ოცნება“ ამბობს, რომ არჩევნების სისტემას არ შეცვლის და ეს “თემა დახურულია“.

ვრცლად:

ოპოზიციამ “გერმანულ მოდელზე” დაფუძნებით კანონპროექტი შეიმუშავა

მასალების გადაბეჭდვის წესი