გიორგი ჩხარტიშვილის თქმით, იგი პოლიციამ მარჯანიშვილის ქუჩაზე 11 მაისს, გვიან ღამით ადამინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავა და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა:
“იქ ყოფნის დროს მომთხოვეს გაშიშვლება, დათვალიერების და ვიზუალური კონტროლის მიზნით, რომელიც საერთოდ ანტიკონსტიტუციური ქმედებაა და ლახავს პირის ღირსებას, პატივს, ყველანაირ დემოკრატიულ პრინციპსაა მოკლებული. მე, რა თქმა უნდა, არ დავეთანხმე მათ ამის გამო, მოვითხოვე, რომ მოსულიყო ხელმძღვანელი პირი, ვისთანაც ამას გავასაჩივრებდი, მოვიდა ვინმე ირაკლი, მეტი არაფერი არ ვიცი მის შესახებ, და მასთან გავასაჩივრე ეს ქმედება. რეალურად ამას არაფერი შეუცვლია, მაინც მომთხოვეს და მე უარი განვაცხადე”,- ამბობს ჩხარტიშვილი.
იზოლატორში მოთავსების წესები დარეგულირებულია შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, რომელიც განსაზღვრავს იმ პროცედურებს, რომლებიც შესაძლებელია დაკავებულ პირს ჩაუტარდეს. ბრძანების მეორე მუხლი ეხება პირთა პირად და გარეგნულ დათვალიერებას.
“აღნიშნულ შემთხვევაში პირს შესაძლოა ჩაუტარდა გარეგნული დათვალიერება, რაც გულისხმობს იმას, რომ იზოლატორში წარმოდგენილი პირი გამოიკითხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უფლებამოსილი პირი ზედაპირულად ათვალიერებს გარეგნულად და სინჯავს მას განცალკავებულ ოთახში, სხვა პირების გარეშე. ეს ხდება იმ მიზნით, ხომ არ აღენიშნება პირს დაზიანებები ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ხომ არ აქვს პრობლემები”,- ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნონა ქურდოვანიძე.
მისივე თქმით, ასეთი დათალიერება ითვალისწინებს გაშიშვლებას:
“მთლიანად სხეული უნდა დაუთვალიეროს ადამიანს და, ბუნებრივია, სწორედ ამიტომ არის დათქმა, რომ განცალკევებით, სხვა პირების დასწრების გარეშე, ერთი უფლებამოსილი პირი ახორციელებს გარეგნულ დათალიერებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იმგვარი ფორმით არ უნდა მოხდეს, რაც გამოიწვევდა პირის პატივისა და ღირსების შელახვას”,- ამბობს იურისტი.
თუმცა გიორგი ჩხარტიშვილი ამბობს, რომ პოლიციაში განსაკუთრებულათ დისკრიმინაციული დამოკიდებულება ლგბტ თემის წარმომადგენლების მიმართ აქვთ, კონკრეტულად კი ტრანსგენდერების მიმართ:
“ლგბტ თემის წარმომადგენლები პირდაპირ აცხადებენ, რომ დაკავებისას პარიკს, ქუსლიან ფეხსაცმელს და იმ ინვენტარს რაც ქალთანაა მასში ასოცირებული და მის გენდერულ იდენტობას გამოხატავს ხელყოფენ და დისკრიმინაციულად ეპყრობიან, მაშინ, როცა სხვა პირებს მსგავს მოქმედებებს არ უტარებენ”

გაშიშვლებაზე უარის თქმის შემდეგ გიორგი ჩხარტიშვილი ამბობს, რომ მას ერთმა პირმა სცემა, კონკრეტულად კი მას სახისა და მუცლის არეში ურტყამდა.
“თავბრუსხვევის შედეგად გავხდი ცუდად, მათივე ხელით გადამიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლოატორის საკანში, იქ არის სპეციალური ოთახი სამედიცინო მომსახურეობისთვის, სადაც არ არის ვიდეოკამერები და ვიდეოთვალთვალი არ ხორციელდება. ცუდად ვიყავი, ექიმი არ მოდიოდა და არ მეხმარებოდა სამედიცინო მომსახურეობის თვალსაზრისით. ამის შემდგომ მქონდა უკვე სუიციდის მცდელობა, ამ მცდელობის შედეგად მოვხვდი ღუდუშაურის კლინიკაში”, – ამბობს ჩხარტიშვილი.
ზემოთ აღნიშნული მოვლენები ერთ ღამეში მოხდა. ჩხარტიშვილი დაახლოებით 02:00 საათზე დააკავეს, ხოლო უკვე დღის სამ საათზე სასამართლოში გადაიყვანეს. სასამართლომ გიორგი ჩხარტიშვილი სამართალდამრღვევად არ სცნო, იგი პოლიციამ მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავა. ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ღუდუშაურის საავადმყოფოში ყოფნისას მთავარ პროკურატურას და სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა. სახალხო დამცველის აპარატში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ საჩივარი ამ საკითხთან დაკავშირებით აპარატში შესული არ არის, მაგრამ სახალო დამცველის აპარატი ინფორმირებულია, რომ ჩხარტიშვილი საჩივრის შეტანას აპირებს.
გიორგი ჩხარტიშვილი ამბობს, რომ უკვე ორი ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომელიც სუიციდის მცდელობას უკავშირდებოდა, და მესამე ექსპერტიზის შედეგს ელოდება ცემასთან დაკავშირებით. იგი ითხოვს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაუყოვნებლივ გამოძიოს აღნიშნული ფაქტი ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, ხოლო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად აპირებს, რომ სასამართლოს მიმართოს.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც მხოლოდ განგვიცხადეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ სამსახურეობრივი შემოწმება დაიწყო.




