ახალი ამბები

ორი მუშტი მომხვდა და გავითიშე – სახის ძვლების მოტეხილობა 18 ნოემბრის აქციის მონაწილეს

23 ნოემბერი, 2019 • 2100
ორი მუშტი მომხვდა და გავითიშე – სახის ძვლების მოტეხილობა 18 ნოემბრის აქციის მონაწილეს

18 ნოემბრის აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, იმედა კლდიაშვილს, რომელიც პოლიციამ აქციის დაშლისას დააკავა,  სახის ძვლების მოტეხილობა აქვს. 

ის “გირჩის” მმართველი საბჭოს წევრია და სამედიცინო დასკვნის ასლი პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გამოაქვეყნა.

 

“აქციის დროს ჩვენ ვიჯექით ჯერ კიდევ, როცა სპეცნაზი ჩვენსკენ წამოვიდა და ჭყლეტვაში აღმოჩნდა ხალხი. წამოვდექით და მივაწექით სპეცნაზს, რომ ჭყლეტვა აგვეცილებინა თავიდან. მანდ ორი მუშტი მომხვდა ე.წ. რობოკოპისკან და გავითიშე.  რომ გამოვფხიზლდი, პოლიციელებს ვეჭირე. გადაღებულიც აქვთ ჩემი დაკავება”, – უყვება “ნეტგაზეთს” მომიტინგე. 

ის ერთ-ერთია 18 ივნისს დაკავებულებიდან, რომელიც ჯერ კიდევ ელოდება მისი ადმინისტრაციული საქმის განხილვას სასამართლოში. მანამდე კი, როგორც ყვება სახელწიფო ინსპექტორის სამსახურში იმყოფებოდა ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე: 

“გამიშვეს სამხარაულში ექსპერტიზაზე. სამხარაულის ექიმმა მირჩია აუცილებლად გადამეღო კომპიუტერული ტომოგრაფია და იქიდან გამოსულმა გადავირე ღუდუშაურის კლინიკაში”. 

როგორც იმედა კლდიაშვილი ამბობს, კომპიუტერული ტომოგრაფიის პასუხი დღეს მიიღო, სამშაბათს ან ოთხშაბათს კი ოპერაციას გაუკეთებენ. 

იმედია კლდიაშვილი [მარცხნივ] და ზურაბ ჯაფარიძე [მარჯვნივ]; ფოტო: გირჩი

მასალების გადაბეჭდვის წესი