ახალი ამბები

ენგურის ხიდზე გადაადგილება ცალმხრივადაა შესაძლებელი – ლაივპრესი

23 ნოემბერი, 2019 • 1372
ენგურის ხიდზე გადაადგილება ცალმხრივადაა შესაძლებელი – ლაივპრესი

ენგურის ხიდზე მოძრაობა შეზღუდულია და გადაადგილება მხოლოდ ცალმხრივად, აფხაზეთის მიმართულებით არის შესაძლებელი, იქიდან ზუგდიდისკენ კი არა – ამ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ლაივპრესი ავრცელებს. 

“საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზზე უკანონო შეზღუდვის დაწესება ცხელი ხაზის მეშვეობით  არ დაადასტურეს”, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურში 23 ნოემბერს. 

„ლაივპრესს“ გალელმა მგზავრმა განუცხადა, ხიდი 22 ნოემბერს, საღამოს ყველასთვის მოულოდნელად ჩაკეტეს. ე.წ. გამშვებ პუნქტთან არავისთვის განუმარტავთ, რა მიზეზით და როდემდე იმოქმედებს შეზღუდვები.

„გამშვებ პუნქტთან ხალხი ამბობდა, სოხუმში რომ სროლები იყო, იმ ხალხს ეძებენ და სანამ არ იპოვიან, არ გააღებენო. დაზუსტებით არავინ იცის როგორ იქნება. ამას ჩვენ არავინ გვითანხმებს“, – განაცხადა გალში მცხოვრებმა “ლაივპრესთან”. 

22 ნოემბერს  სოხუმის ცენტრში სამი ადამიანი მოკლეს, მათ შორის „კანონიერი ქურდი“ ასტამბურ შამბა, — იუწყება „ეხო კავკაზა“.

გამოცემის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დღის 14:40 საათისთვის ავტომობილიდან სამმა ნიღბიანმა პირმა ცეცხლი გახსნა ერთ-ერთ კაფესთან, „სან რემოსთან“. ისინი ერთ-ერთ მაგიდასთან მსხდარ ადამიანებს ესროდნენ.

Интерфакса-ის ცნობით, დაღუპულები, შამბას გარდა, არიან შამბას თანმხლები პირი ალხას ავიძბა და „სან რემოს“ თანამშრომელი დომინიკა აკირტავა.

დე ფაქტო სამინისტროს თანახმადვე, თავდასხმიდან ერთ საათში თავდამსხმელთა ცეცხლწაკიდებული მანქანა სოხუმის სარკინიგზო დეპოსთან იპოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი