ახალი ამბები

ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი: ქართულ ღვინოს უდიდესი პოტენციალი აქვს

12 მაისი, 2015 •
ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი: ქართულ ღვინოს უდიდესი პოტენციალი აქვს

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა აგრარულ დარგში ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ორგანული სოფლის მეურნეობის, მეჩაიეობის, მეთევზეობის, თევზის გადამუშავების ტექნოლოგიის, ასევე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავების სფეროში გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ერთობლივ სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი. სამოქმედო გეგმაზე ხელმოწერით საქართველო-ჩინეთს შორის აგრარული დარგის მიმართულებით თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება.  


ამავე განცხადების თანახმად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ქართული ღვინის მნიშვნელოვანი იმპორტიორი ქვეყანაა. 2015 წლის იანვარ-თებერვალში ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთში  66,4%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს. 


შეხვედრის შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტროში მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკაში ჩინური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენ ვგეგმავთ კიდევ უფრო გავზარდოთ სავაჭრო კავშირები, ასევე, ვითანამშრომლოთ სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და აგრარულ მრეწველობაში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. 2014 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობისგან გრანტის სახით, საჩუქრად 30 ერთეული თანამედროვე ტექნიკა მიიღო. აღნიშნული ტექნიკა საქართველოში საირიგაციო სისტემებზე მიმდინარე სამუშაოებისთვის გამოიყენება. ასევე, 2015 წლის აპრილში ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უსასყიდლოდ გადმოსცემს 26 ერთეულ სამელიორაციო ტექნიკას, რომლის ღირებულება 10 764 000 აშშ დოლარს შეადგენს“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის  ურთიერთობების გაღრმავების ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი აგრარული მიმართულება შიძლება იყოს. 

„ქართულ ღვინოს აქვს უდიდესი პოტენციალი დაიმკვიდროს ადგილი არა მარტო ჩინეთის, არამედ მსოფლიო ბაზარზე. ასევე უმნიშვნელოვანესია ჩაის კულტურის აღორძინების ხელშეწყობა. ჩვენი გამოცდილების გაზიარება ამ მიმართულებით ძალიან გამოგადგებათ. მინდა როგორც თქვენი ქვეყნის, ასევე ჩინეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრთან დავაფიქსირო ჩემი მოსაზრება საქართველოს აგრარული პოტენციალის შესახებ. თქვენ უკვე გაქვთ სოფლის მეურნეობის განვითარების ისეთი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებაც დარგის განვითარებაში მნიშვნელოვანი წინსვლის გარანტიაა“, – განაცხადა  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ჰან ჩანგფუმ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ჰან ჩანგფუმ ალავერდის სამონასტრო კომლექსი, ალავერდის ღვინის მარანი და საფუტკრე მეურნეობა, ასევე, წინანდალში 100-წლიანი ვაზი და ყვარელში ტურისტული კომპლექსი „გვირაბი“  დაათვალიერა.


ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი საქართველოში/საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფოტო
ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი საქართველოში/საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი