ახალი ამბები

ქადაგიძე: პარლამენტში ვისაუბრებ ყველა თემაზე, თუ რამ განაპირობა ლარის კურსის ცვლილება

12 მაისი, 2015 • • 1101
ქადაგიძე: პარლამენტში ვისაუბრებ ყველა თემაზე, თუ რამ განაპირობა ლარის კურსის ცვლილება

“მომავალ კვირას წარვდგები პარლამენტში ანგარიშით და ვისაუბრებ ყველა თემაზე, თუ რამ განაპირობა ლარის კურსის ცვლილება და რა გადაჭრის გზები არსებობს”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. 

 

ქადაგიძის თქმით, მიმდინარე კვირა, როდესაც ქვეყანაში ტარდება EBRD-ის ბიზნესფორუმი, არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის:

 

“ვინაიდან უნდა გამოვიყენოთ ეს საერთაშორისო ფორუმი, რომელიც ტარდება საქართველოში. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, დადებით ჭრილში წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პოტენციალი, მაქსიმალურად დადებითი პირობები შევუქმნათ ინვესტორებს, რადაგან, საბოლოო ჯამში, საერთაშორისო უცხოური ინვესტიციების ზრდა და უცხოელი პარტნიორების განწყობა არის ის, რაც ქმნის სამუშაო ადგილებსა და იწვევს შემოსავლების ზრდას”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დღეს თიბისი ბანკის სათავო ოფისში, სადაც ტექნიკური სავაჭრო ფორუმი მიმდინარეობს.

გიორგი ქადაგიძე
გიორგი ქადაგიძე

საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით, 1 აშშ დოლარის ფასი 2.3429 ლარია. 

 

ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო, როცა 1 აშშ დოლარი 1.73 ლარი ღირდა. ამ დროისთვის 1 აშშ დოლარის ფასი 0.61 ლარით აღემატება გასული წლის ნოემბრის კურსს. საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ ლარის გაუფასურება გარე ფაქტორებით (უკრაინის კრიზისი და სანქციები რუსეთისთვის) არის განპირობებული. ოპონენტების თქმით კი, ამას განაპირობებს მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა.

 

ლარის კურსის გასამყარებლად 240 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა სავალუტო რეზერვებიდან, რამაც კურსის ვარდნის შეჩერება ვერ მოახერხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი